RSS

მეტრო 2035

CBB3SpAW8AAK8dX

  NOT spoiler free review.
ე.ი. ახლახანს დავასრულე წიგნის კითხვა და თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის საუკეთესო წიგნი, რაც ბოლო პერიოდის განმავლობაში წამიკითხავს. თითქმის არცერთ იმ წიგნს, რომლისთვისაც აქამდე საჩემოდ უმაღლესი შეფასება მიმიცია, რეალურად არ მოუნიჭებია ჩემთვის ისეთი უწყვეტი, დინამიკური, ემოციური და ინტელექტუალური     სიამოვნება, როგორიც “მეტრო 2035”-მა მომანიჭა. აი მწერალი. აი მასტერკლასი.

  პირველი, რაც მინდა ვთქვა ამ წიგნის შესახებ, არის ის, რაც, ერთი შეხედვით, საერთოდ არ ეხება ამავე წიგნს, მაგრამ, ძვლებით, ფილტვებით, და სუსხიანი ამინდებისგან გადაქერცლილი კანით ვგრძნობ, რომ სინამდილეში ესაა გულისგული, აქეთაა იგდრასილიც, ელკრისის ხეც და მეტროს სამყაროს ცენტრიც. თითქმის მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, რაც ამ წიგნს ვკითხულობდი, მუდმივად მახსენდებოდა პლატონის გამოქვაბულის მითი, თავისი ლამაზი, შოკისმომგვრელი იდეითურთ. ერთმანეთზე სოსისებივით დაწყობილი ადამიანები გამოქვაბულის კედელს ეკვრიან. მათ უკან ცეცხლია ანთებული და ცეცხლის გარშემო ჭინკებივით დახტიან და მოძრაობენ ილუზორული ფიგურები. მათი მოძრაობისგან წარმოქმნილი ჩრდილები კედელზე ირეკლება და სოსისებივით ჩაწყობილი ადამიანები საკუთარი სამყაროს შესაქმეს თვითმხილველები ხდებიან. ჩრდილების მდორე ლიცლიცი სლიპინა კლდეზე არის მათთვის ნამდვილი სამყარო და მარადისობა. მაგრამ ერთხელაც, დროში, მოძრაობაში, ისტორიაში შემოსული და ყალბი მარადისობიდან გამოსული ადამიანი ბორკილებს მოიძრობს, ცეცხლს გასცდება და გამოქვაბულის გარეთ დაინახავს მზეს და სინათლეს. არანამდვილად ნამდვილ მზეს და სინათლეს. როგორც მესაათე, ოქროსფერ, მოლიცლიცე საათს რომ ახდის ბრჭყვიალა პანელს და მექანიზმის ჭეშმარიტ სახეს, მის ნამდვილ მოყვანილობას, შინაგან ორგანოებს და მუშაობის პრინციპს დაინახავს, ეგრე გამოქვაბულიდან და საკუთარი ტყავიდან გამოსული ადამიანი სამყაროს ბრჭყვიალა პანელს გადახდის და შიშველს, დაუცველს, გულწრფელს დაინახავს კოსმოსს არანამდვილად ნამდვილი მზის შუქზე, და თითქმის იმწამსვე მხედველობასაც დაკარგავს და ჭკუასაც.

  მოსკოვის მეტრო გამოქვაბულია. არტიომი კი ის პირველი, მხრებში მოკაკვული და კანმომჩვარული, მაგრამ ცოცხალი გონებისა და ქორფა, ცნობისმოყვარე სულის მატარებელი ადამიანია, რომელმაც ბორკილებს თავი უნდა დააღწიოს, ილუზორულ ფიგურებს ამრეზით შეხედოს, შემდეგ კი არანამდვილად ნამდვილ მზეს უნდა გაუსწოროს თვალი და… შეიშალოს, არანორმალური გახდეს, თავისი მტვრიანი, ობმოკიდებული გვირაბების სამყაროს ჰეიმდალის თვალით უნდა შეხედოს და შორს, ცხრმა მუტირებულ მთასა და ცხრა რადიოაქტიურ ზღვას იქით არსებულ ასგარდებზე, ახალ და ლამაზ სამყაროებზე უნდა დააფიქროს გამოქვაბულის შმორიან კედლებზე ცივი ლოყებით მიკრული ხალხი. ბიჭო, ასეა, მართლა ასეა. მოსკოვის იქითაც არსებობს გადარჩენილთა სამყარო, უამრავი ქალაქი, დაბა და სოფელი, სადაც უსმენენ მუსიკას, ცხოვრობენ, უყვართ, სძულთ, კომბოსტო მოყავთ და სახიდან ფერიმჭამელებს იცილებენ. მოსკოვის მეტროდან თავდაღწეული და ბალაშიხაში ჩასული არტიომი დარწმუნდება, რომ მთელი დანარჩენი მსოფლიოს ხმას მეტროს მოსახლეობას წლების განმავლობაში უმალავდნენ, გამოქვაბულში, სრულ ემეცრებასა და სიბნელეში აცხოვრებდნენ. მეტროს იქით კი მთელი კოსმოსია, კარების, პორტალების, ახალი გზებისა და ახალი ადამიანების უსიერი ტყეებია. არტიომი პლატონისეული გმირია. საერთოდაც იდეალური გმირია. ყველა დროისა და ეპოქის გმირია, იმიტომ, რომ გამოქვაბულიდან გამოვიდა ჩვენი არტიომი, მზეს შეხედა და ცოტა ხნით მხედველობაც დაკარგა და გონებაც. არტიომი ნეოა, მეტრო კი – მატრიცაა, ხელოვნურად შეკოწიწებული პიქსელების მართვადი, დაპროგრამირებული სამყაროა.

  პლატონის გამოქვაბულის მითში ის პირველი ვიზიონერი, რომელიც გამოქვაბულს ტოვებს და ნამდვილად მზესა და ნამდვილ ცოდნას მოიპოვებს, მზის შუქისგან ბრმავდება. მაგრამ მალევე ფხიზლდება, თავისუფლდება, თითქოს ვარსკვლავურ კარიბჭეში გაიარა, სხეული ნაწილებად დაეშალა და ცისფერი პორტალიდან გამოსულს, კიდურები და ნეირონები თავიდან აეწყო, დაულაგდა. გამოქვაბულიდან გამოსული ადამიანის პირველი ნაბიჯი პლატონთან ყოველთვის გამოქვაბულში დაბრუნებაა. ვიზიონერი სამშობლოში ბრუნდება. მისი მისიაა დანარჩენი ადამიანების გარეთ გამოყვანა. მარტო ხომ ვერ დატოვებს. მოენატრებიან. ოზის ჯადოსნურ, ზურმუხტისფერ ქალაქში გადასულ დოროთის ხომ ყოველ წამს ახსენდება მოსაწყენი, გაოფლილი, ყვითელი კანზასი. სახლს გულთან ახლოს უნდა ატარებდე. აღმოჩენილი სილამაზე კი სხვებსაც უნდა გაუზიარო. ჰოდა, ახალი, სამყაროს კულისებში შესული ადამიანი ისევ სცენაზე ბრუნდება. ყვება, რომ კედლის პროექტორზე გასული შავ-თეთრი ფილმი მხოლოდ ფილმია, ჩრდილების თამაშია, მაგრამ დოროთის არავინ დაუჯერებს. დასცინებენ, თითს გაიშვერენ მისკენ, თავიდან მოიცილებენ. დოროთი კი დაუსრულებლად ეცდება ბორკილებშებმული ადამიანების ტვინებიდან ფოლადის ყალიბების გამოხსნას. ეცდება ყოველთვის. ყველგან. და ამას შეძლებს კიდევაც. გამოქვაბულის მითს არაჰოლივუდური, მაგრამ ბედნიერი დასასრული აქვს. ვიზიონერი “დოროთი” ზურმუხტქალაქში გაიყვანს ადამიანებს, ილუზორული ფიგურები კი ბნელ კუთხეებს დაუბრუნდებიან.

  და რა ხდება მეტროს სამყაროში. იგივე. ოღონდ თითქმის. და ეს “თითქმის” არის გლუხოვსკის იმდენად ძლიერი პოლიტიკური მესიჯი, რომ ერთი დაკვრით ცელავს და ანადგურებს არა ჰიპოთეტურ, გამოგონილ ჰანზას, წითელ ხაზს, ორდენს, რაიხს ან ბუნკერს, არამედ სრულიად რეალურ კრემლს, საბჭოთა კავშირის ნოსტალგიით გამოჭყეპილ გაქსუებული ოლიგარქების სისტემას, რომელიც ცოცხალია, სუნთქავს და თვითკმაყოფილია დღეს, აქ და ახლა. თანამედროვე რუსეთში. მაგრამ მოდი, თანმიმდევრობით მივყვები.

  ბალაშიხაში აღმართულია რადიო-კოშკურების სისტემა, რომელიც გარესამყაროდან მოსულ ნებისმიერ რადიოსიგნალს ახშობს. ჩვენივე კეთილდღეობისთვის, ამბობენ ისინი. ჩვენივე სიმშვიდისა და კომფორტისთვის, ბუბუნებენ გამაძღარები და ცინიკურები. ნებისმიერს, ვინც მეტროდან თავის დაღწევას შეეცდება, და ნებისმიერს, რომელიც მეტროში შემოღწევას გაბედავს, გამხდარ ყელში ფაქიზად უსვამენ დანას, მათ გვამებს კი ძაღლებს უყრიან საჭმელად. ჩვენივე ბედნიერებისთვის, ბუყბუყებენ ისინი. ველურ დასავლეთს ხომ ჩვენი საბოლოო განადგურება უნდა. რკინის ფარდის მაგივრად ჩამოვაფაროთ რადიო-ფარდა, ჩვენივე დიდებისთვის, უსაფრთხოებისთვის, ჩვენი დიდებული სახელმწიფოსთვის, ქოთქოთებენ. ბალაშიხადან მეტროში დაბრუნებული არტიომი, როგორც ჭეშმარიტი პლატონისეული ვიზიონერი და გმირი, ყველას უყვება გადარჩენილთა გამოუკვლეველი, დამალული სამყაროს შესახებ. და, რა თქმა უნდა, მას სასაცილოდ იგდებენ, შემდეგ ბრაზდებიან, შემდეგ ებრძვიან, შემდეგ იღებენ სიმართლეს, შემდეგ იჯერებენ და შემდეგ… აღმოჩენილ ჭეშმარიტებას ახალ ყალიბში, ახალ გალიაში ამწყვდევენ, როგორც სასარგებლო ეგზოტიკურ ცხოველს, იმიტომ, რომ, გარესამყარო ცოცხალია, ნამდვილია, მაგრამ მტერია თურმე, საფრთხეა თურმე, ომი გრძელდება თურმე. მეტროს სისტემის იდეოლოგია ჭეშმარიტებასაც თავის ბლანტ, პარანოიდული ტენტაკლის სხეულში მოაქცევს, დაამახინჯებს, ზომბი-ვირუსის ვაქცინას შეუყვანს და თავისივე მსგავსად გარდაქმნის.

  არტიომი არის პატარა, ჩამოძონძილი, დამჭკნარი სოკოსა და მუტირებული წყლის სამყაროში მცხოვრები ქრისტე, რომელსაც თავისივე მოციქულები უარყოფენ და ღალატობენ (გარდა ლეტიაგასა და ანასი, მაგათ ვენაცვალე უბრალო სულებში). გამოქვაბულის მითში, და ჩათვალეთ, რომ დასავლური კულტურის თითქმის ყველა მედიუმში, გარიყული, მარგინალიზირებული ინდივიდი დიდხნიანი ტანჯვისა და მოკვეთის შემდეგ საბოლოოდ მაინც იმარჯვებს. დასავლურ კულტურაში ვიზიონერი გამოქვაბულში ბრუნდება, არანამდვილად ნამდვილ მზეზე ყვება და ბოლოს, ბოლოს, აი სულ ბოლოს მას ყოველთვის უჯერებენ. დასავლეთში ინდივიდს, ქრისტეს, ჯვარცმამდე შეიძლება – არა, მაგრამ ჯვარცმის შემდეგ, ყოველთვის განადიდებენ, მასზე ფილმებს იღებენ, უყვარდებათ, ისიც და მის მიერ ჯიბით მოტანილი სინათლის ბაჭიაც. მაგრამ ასე არ ხდება მეტროს სამყაროში და, როგორც გლუხოვსკი ამბობს თავისი ცხადზე ცხადი, პირდაპირი ანალოგიებით, ასე არ ხდება აქ და ახლა არსებულ, რეალურ რუსეთში.

  რეალურ რუსეთს კი, ისევე, როგორც არერეალურ ჰანზას, წითელ ხაზს ან ბუნკერს, უყვარს და სჭირდება მტრები. იმიტომ, რომ მტრის არსებობა “შავისა” და “თეთრის”, “ბოროტისა” და “კეთილის” ბავშურ, ცალსახა, სწორხაზოვან სამყაროში დარჩენის შესაძლებლობას იძლევა. სწორხაზოვნება, თავის მხრიც, გამორიცხავს ზრდასრულობას, და ზრდასრულობასთან ერთად განდევნის ფიქრის, დამოუკიდებელი და თავისუფალი ცხოვრების შესაძლებლობას. ძალაუფლების დემონურ ვერტიკალს, როგორც ბუნკერში, ისე თანამედროვე, ძლევამოსილებაზე შეშლილ კრემლში, არ სჭირდება თავისუფალი ადამიანები. მაგრამ გლუხოვსკი უფრო შორსაც მიდის. თავისუფლება არც ადამიანებს სჭირდებათ. ადამიანებმა ლურჯსა და წითელ აბებს შორის კარგა ხნის წინ გააკეთეს არჩევანი. მათ ლურჯი აბი აირჩიეს და ძილს მიეცნენ. თავიანთ შეზღუდულ, ვიწრო ბუნაგში გამოკეტილებს, იდეოლოგიის გადასხმაზე შეერთებულებს, არ სჭირდებათ ჩამოძონძილი, შეშლილი და გულმართალი ჭეშმარიტების აგენტი – არტიომი. ვიზიონერი, რომელსაც სინათლე და ცოდნა მოაქვს, რუსეთში სძულთ. მოყვარეს განდევნიან. მტერს გულში იხუტებენ. იმ მტერს, რომელიც გონიერი, ცნობისმოყვარე, თავისუფალი ადამიანისთვის, უბრალოდ არ არსებობს. მტერი ჩრდილია გამოქვაბულის კედელზე.

  რა ნაცნობი სიტუაციაა, არა? მთელი ამ ანტიდასავლური პროპაგანდით, “უმრავლესობის უფლებები ილახება” ტექსტებით, კოლექტიური მორალით და ურა-პატრიოტიზმით მხოლოდ რუსეთი როდი ცოდავს. ჩვენი დამოუკიდებელი, პატარა სადგური – საქართველო, ძალიან მოკლე გადასარბენითაა ჩრდილოელ ჰანზაზე მიერთებული. მათგან ვიწოვთ სიძულვილს, მტრის ხატებს და სურვილს, მოვკლათ ინდივივიდუალური, განსხვავებული აზროვნების ნებისმიერი ჩანასახი ჩვენს შიგნით. ასგარდი არ გვაინტერესებს, ჰეიმდალებს თვალებს ვთხრით. არსებობს დიდი ჩრდილოელი ჰანზა, და ჩვენი სურვილი, გავხდეთ ერთგვარი “მინი-მე”, მინი – ჰანზა.

  “მეტრო 2035”, იმის გარდა, რომ შესანიშნავი დისტოპიაა, იმდენად კარგი და გამჭოლი პოლიტიკური ტექსტია, რომ თავდაპირველად გამიჭირდა გააზრება იმისა, თუ რამდენად მნიშნელოვან წიგნს ვკითხულობდი. ყველაფერთან ერთად რევოლუციონერი გლუხოვსკი. მიყვარხარ, შჩმ ❤

  ასევე ძალიან საინტერესოდ მომეჩვენა ბუნკერის ძალაუფლების ვერტიკალის სრული განძარცვულობა და სიშიშვლე ყოველგვარი, თუნდაც გარეგნულად, თუნდაც ფორმალურად “კეთილშობილი”, “ამაღლებული” იდეებისგან. ძალაუფლება არა კომუნიზმში შესასვლელად, არა გასაბრწყინებლად, არა სამოთხის დასამკვიდრებლად და ა.შ. არამედ, უბრალოდ, ძალაუფლება. ძალაუფლება ძალაუფლებისათვის. შიშველ-ტიტველი, მოუხეშავი ძალაუფლება, რომელსაც ფეხებზე კიდია ყოველგვარი ნამდვილი თუ ყალბი იდეალები. ბასილოვი და ბუნკერი სრულიად ახალი ტიპის სისტემაა, დაუფარავი, ცინიკური ბოროტებაა, რომელიც გადასარევად იცნობს საკუთრ თავს, იცის, რომ მახინჯია, გაყიდულია, დაუნდობელია, და სწორედ ამით ჭეშმარიტ სიამოვნებას იღებს. აქაც უამრავი ანალოგიის ამოკითხვა შეიძლება. გლუხოვსკი ხომ სიტყვის და ანალოგიების ნამდვილი სენსეია. გლუხოვსკის მოსწავლედ უნდა მიებარო და სევდა, სიმამაცე და განწირულება ისწავლო მისგან.

აი ასე. პლატონის გამოქვაბულის მითში ბორკილებიდან დახსნილი ადამიანები სამყაროს ბრჭყვიალა, მატყუარა პანელს აძრობენ და ახალ სამყაროებში მოგზაურობენ. გლუხოვსკისეულ, რუსულ, სასოწარკვეთილ მითში კი მოციქულების მიერ გაყიდული, ნაწამები ქრისტე-არტიომი ვერასდროს შეიყვანს ზურმუხტქალაქში უბედურ, გაძვალტყავებულ ადამიანებს. იმიტომ, რომ ადამიანებს არ ადარდებდათ სხვა სამყაროები და სამუდამოდ დარჩებიან ყვითელ, გაოფლილ კანზასში. კოსმოსმა თავზე ქუდი დაიხურა და დაგვემშვიდობა. არტიომმაც დაიხურა თავზე ქუდი და კოსმოსს მიესალმა, hello, darkness, my old freind-ო ^_^

მოკლედ, წიგნი კი არა, სილამაზე ❤

 
Leave a comment

Posted by on April 6, 2016 in Uncategorized

 

ლავკრაფტის სუპერრეალობა

  file_3480722  ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო რამ, რაც თვალში მომხვდა თითოეული მოთხრობის კითხვისას, ის იყო, რომ თითქმის თითოეული მათგანის დასაწყისი მასპოილერებდა :დ მთავარი გმირი გადარჩა, ან მთავარი გმირი მოკვდა. უმეტეს შემთხვევაში ისტორიის ფინალი ყოველთვის ცნობილია. მაგრამ სახალისო და დამაფიქრებელი ფაქტი ის იყო, რომ, მიუხედავად წინასწარი ცოდნისა, მიუხედავად ერთგვარი საბოლოო გარკვეულობისა, მაინც საშინლად დაძაბული, აზარტში შესული და აღელვებული ვკითხულობდი თითოეულ ამბავს. ვფიქრობდი, ბიჭო, როგორ ახერხებს. როგორც წესი, ხომ ასეა. ამბის დასასრული თუ იცი, ინტერესი გეკარგება, მაგია ქრება, თავდაჯერებულობას და კმაყოფილებას ხომ არასდროს მიყავხარ რეალური განცდებისაკენ, ნერვიულობისკენ, მცირედი ფსიქიკური აშლილობისკენ (რომელიც ყველა კარგი ისტორიის კვალდაკავალ სიარულისას გარდაუვალია). მაშინ რანაირად? როგორ? ზუსტად ვცოდი, რომ ინსმუთში სახიფათო მოგზაურობის შემდეგაც კი მთავარი გმირი გადარჩა, ეს ხომ თავიდანვეა ნათქვამი. მაგრამ მაინც, ინსმუთიდან გამოღწევას რომ ცდილობდა, ერთი ბნელი ქუჩიდან მეორე ბნელ შესახვევში რომ გადადიოდა, მიტოვებულ ქოხებში იმალებოდა, ისტერიულად ვფურცლავდი გვერდებს, რომ, რაც შეიძლება მალე “გავსულიყავით” ქალაქიდან, “გადავრჩენილიყავით”, დარწმუნებული არაფერში ვიყავი.

  ჰოდა, როგორ?

  ტრადიციული გაგებით ადამიანის ფსიქოლოგია ხომ ასე არ მოქმედებს. ავიღოთ, მაგალითად, მაკბეტის შემთხვევა. მაკბეტი დაუმარცხებელია, შეუვალია, ღმერთია ნებისმიერი ბრძოლის ველზე, იმიტომ, რომ დასპოილერებულია ჩვენი მაკბეტი :დ მან იცის, რომ ის არ და ვერ მოკვდება ქალისაგან ნაშობი ადამიანის ხელით, მაშასადამე, საერთოდაც ვერ მოკვდება. და რახან ეს ცოდნა აქვს, ფინალის ცოდნა, სრულყოფილი შემართება აქვს, სხეულის იდეალური გრაცია და აროგანტული მიმიკა სახეზე. და კარგავს ამ ჯოჯოხეთურ უდარდელობას და გულგრილობას მაშინვე, როგორც კი გაიგებს, რომ ისეთი ადამიანიც არსებობს ამქვეყნად, რომელიც ქალს არ უშობია. წელში იხრება, სამყაროს ნეტო აწვება ხერხემალზე. განცვიფრება, აშლილობა, დაძაბულობა უბრუნდება მოძრაობაში და ფიქრებში. მოკლედ, ცოდნა მომაკვდინებელი იარაღია. თუ ფინალი იცი, ხელშეუხებელი ხარ, კლდე ხარ, ნერვი არ გიტოკდება, მკლავზე თმები ყალყზე არ გიდგება, შიში ვერ გეკარება.

  ფსიქოანალიზის ტრადიციული სისტემაც ხომ ცოდნის, გაცნობიერების, გაანალიზების ელემენტს ემყარება. ტრავმის გადალახვა ხდება მხოლოდ შიშის მიზეზების რაციონალიზაციით. შიშს თავზე ხელი უნდა გადაუსვა, გამარჯობა უთხრა, მოიკითხო, მოიშინაურო. გარეულ შიშს ბასრი კბიილები აქვს, შინაური შიში კი კასტრირებული, ბუხრის პირას გაწოლილი ფისოსავითაა. ცოდნა, გაცნობიერება ემოციებისგან გვათავსიფულებს, მაღალ-ფუნქციურ, გაწონასწორებულ სოციოპათებად გვხვდის. ხსნას და შვებას აძლევს აკანკალებულ გულს.

  მაშინ რატომ იყო, რომ ისტორიის დასასრული ვიცოდი, მაგრამ მაინც მიცივდებოდა ხელები, ვღელავდი, არ მქონდა კმაყოფილების, დასასრულის განცდა? და მერე მივხვდი, რომ, ჰაიტ, ადამიანო, სწორედ ამაშია ლავქრაფტისეული ჰორორის, გამოუვალი, გარდაუვალი საშინელების ხიბლი :დ იმ დროს, როცა ფროიდი ათასობით გატეხილ გულს და დაბეჩავებულ სულს ფსიქოანალიზის თეორიას უვლენს, როგორც წმინდა მანანას, ახალ, უფრო ეფექტურ, თანამედროვე და მოქმედ რელიგიას, რომელიც უმეცრებითა და რწმენით კი არა, ცოდნითა და რაციონალიზაციით გაგვათავისუფლებს, ჭრილობებზე წამლად დაგვედება, მისით ტკივილს მოვერევით. სიბნელეს დავამარცხებთ… სწორედ ამ დროს, ზუსტად ამ პერიოდში ლავქრაფტის საშინელებათა ისტორიებში ახალი ტიპის შიში ჩნდება, როგორც კონტრ-არგუმენტი, როგორც რივერს-იდეა იმის შესახებ, რომ ცოდნაც კი ვერ გვიხსნის. ვერ გვიშველის, ვერ მოგვიხსნის შიშებს და კომფორტული დივნიდან წამომდგარებს ერთხელ და სამუდამოდ არ გვექნება დამარცხებული ის, რაც ცნობიერების მიღმაა, მატერიის მიღმაა, შავი ხვრელების მიღმა რივერს-სამყაროებშია.

  სხვათა შორის, ამას წინათ მოვისმინე სლავოი ჟიჟეკის რეპლიკა-კომენტარი იმის შესახებ, რომ თანამედროვეობაში ფსიქოანალიზის თეორია არ მუშაობს. იმიტომ, რომ ინტერნეტისა და ტელევიზიის მეშვეობით ჩვენ თავად ვახდენთ ჩვენი ტრავმების დიაგნოსტიკას. ვარკვევთ მიზეზებს, საფუძვლებს, ფსიქოთერაპევტთან კონსულტაციის გარეშეც კი ვრეცეფცირებთ საკუთარ თავზე და საკუთარ კომპლექსებზე. მაგრამ ეს არ ცვლის ბუკვალურად არაფერს. გაცნობიერება არ ხსნის შიშს. ისტორიის სპოილერი არ გვათვალისუფლებს პროცესის საშინელებებისგან.

  აწწ. აი ასე მუშაობს ლავქრაფტის ჰორორის ქარხანა. მე, მკითხველს, მქონდა აბსოლუტურად კარგვეული ცოდნა იმაზე, რომ მთავარ გმირთან ერთად მეც გადავრჩებოდი (ან მოვკვდებოდი), მაგრამ ეს ჩემს ემოციურ ფონზე არანაირად არ მოქმედებდა. და არ მოქმედებდა ერთი მიზეზის გამო. არაცნობიერზე პედალირებდა ეს გენიალური ნაბიჭვარი და ხელ-ფეხი მქონდა შეკრული. ფაქტობრივ ცოდნას ყოველთვის გაძლევს. ინფორმაციას სიკვდილზე, სიცოცხლეზე, მოქმედების დროსა და ადგილზე არასდროს იშურებს. მაგრამ ისტორიის განვითარებისას ხმამაღალი ჩურჩულით გეუბნება, რომ, იცი რა, ყმაწყვილო, ფაქტებს არასდროს ჰქონიათ მნიშვნელობა, არც რეალობას, და მეტად აღარ დაგიმალავ და, არც თვითონ ისტორიას. მთავარი იარაღი, რომლითაც შოკში ჩაგაგდებ, მოგიშინაურებ და ფურცლების საპყრობილეში გიკრავ თავს, პიქსელებიან, ინფორმატიულ სამყაროზე შენი უშველებელი, მოდერნისტული ცოდნა კი არ იქნება, არამედ სხვანაირი, მოუთვინიერებელი, გაუშინაურებელი ცოდნა. შენი, როგორც, ადამიანის, უმეცრება სხვა გალაქტიკების, შავი მატერიის, და თავად შენი, საკუთარი, გონების ბოლომდე აუხსნელი, გამოუკვლეველი ნეორონული სიღრმეების წინაშე.

  ეშმაკური გეგმაა, არა? და მოქმედი :დ ჰოდა, მეც შემეშინდა, ვინერვიულე, დავინტერესდი და შემზიზღდა. რადგან ის, რაც მშვენიერია, საზარელი და საშიშიცაა. ცოდნამ ვერ მიხსნა ცოდნისგან. რეალობამ ვერ მიხსნა ლავქრაფტის სუპერრეალობისგან. ფინალმა ვერ გამათავისუფლა დასაწყისის ტკივილებისგან.

  P.s. კიდევ ბევრ რამეზე მინდოდა მელაპარაკა, მაგრამ ისედაც ვრცელი რევიუ გამოვიდა. უბრალოდ ერთ რამ მინდა აღვნიშნო. კითხვისას ყოველ ჯერზე ვფიქრობდი, რომ ქთულჰუ, ტეგოთი და სხვა უცნაური არსებები სხვა გალაქტიკების მკვიდრები კი არა, არამედ შავი მატერიის, ანტი-სამყაროს პორტალებიდან მოსული არსებები იყვნენ. და არიან კიდევაც. ისინი ხომ “ბნელი ვარსკვლავებიდან” მოვიდნენ. ჰოდა, შავი მატერიის თეორიის შექმნამდე ამდენი ხნით ადრე რომ თითქმის იგივეზე წერდა ეს კაცი, ამანაც მომხიბლა და შემაშინა. ისე, უბრალოდ, აღვნიშე. :))

ff

 

 
Leave a comment

Posted by on February 1, 2016 in Uncategorized

 

კეთილშობილი დონის არჩევანი

Batman-v-Superman-False-God

    რამდენი ფილმი მინახავს თანამედროვე სამყაროს გმირების შუა საუკუნეებში მოგზაურობის შესახებ. ჰაჰ, იქეთ ვუპი გოლდბერგი თამაშობს ღვთაებრივი, უნიკალური ძალებით შეჭურვილ სასტიკი წინასწარმეტყველის როლს (არადა, სკოლის ჩვეულებრივი მასწაველებლია, თუ რომელიღაც გრანდიოზული ჰიპერმარკეტის კონსულტანტი), აქეთ მარტინ ლოურენსის გმირი ჰიპ-ჰოპის გაკვეთილების უტარებს მეფის კარს და ჯეი ლოს აკომპანიმენტზე “თვერქინგ” მოძრაობებს ასწავლის.ბოლო-ბოლო, დოქტორი შერვუდელი ყაჩაღებისა თუ ვიკინგების დასახლებებში მოგზაურობს და კვანტური ფიზიკის დამხარებით იხსნის მათ ავისგანმზრახველი უცხოპლანეტელი ოკუპანტებისგან :დ

   მაგრამ არცერთ ფილმში, მითუმეტეს, არც წიგნში, არ შემხვედრია ასეთი დაფიქრებული, ასეთი კეთილშობილი, ასეთი ფართო და გულისხმიერი მსჯელობა დროითა და სივრცით დაშორებულ ცივილიზაციათა აღმაფრთოვანაბელი და გამანადგურებელი ინტერაქციის თანამდევი მოვლენების შესახებ (ურსულა ლე გუინის “წყვდიადის მარცხენა ხელი” ცალკე ამბავია, ამაზე მერე). გარდა ამისა, საივაზე არსებული ვითარება, გარკვეული თვალსაზრისით, გავს (ან შეიძლება მომავალში უფრო მეტად გავდეს) იმ პრობლემებს, რის წინაშეც ჩვენც ვდგავართ დღეს. კიბატონი, ჰიპოთეტურ საივასთად შედარებით ფეისბუქიც გვაქვს, აიფონებსაც აქტიურად ვიყენებთ და ყოველ ტაქსისტი ორუნივერსიტეტდამთავრებული არაღიარებული გენიაა. მაგრამ მაინც. საივაზე დონ რება (მისი უწმინდესობა მიკასა და ნეტარი ეკლესიის სახელით) დევნის ხელოვნებას, ლიტერატურს, განსხვავებულ აზრს და, ზოგადადაც, აზრს. ასევე საქართველოში, ძლიერი სასულიერო პირნი ამა ქვეყნისანი ხშირად თავის ჭკუაზე არედაქტირებენ სასკოლო დაწესებულებების სასწავლო პროგრამებს, აკონტროლებენ “მრევლის” ჩაცმის, ძილის, ჭამის, სმის, წასაკითხი წიგნების, საყურებელი ფილმების რაობასა და კონტენტს. საინტერესოა, არა? აქტუალურიც, არა? აბა რა, არა?

  რუმატა ასტორელი ერთ დღეში გახდა ჩემი გმირი, ჩემი საყვარელი გმირი, ჩემი სუპერბიჭუნა. თუ თანამედროვე სამყაროს გმირები კომიქსების და მრავალმილიონიანი ფილმების სუპერგმირები არიან, მაშინ არა მხოლოდ ღმერთობაა ძნელი, სუპერგმირობაც ერთობ და ფრიად საშარო საქმე ყოფილა. მაგრამ ეგაა, რომ კომიქსებისა და სპეცეფექტების ხარბად წუწვნით მოპუტკუნებული ფილმების ღმერთებისათვის ყველაფერი საშინლად, მთქნარებამდე მარტივია, ბეტმენი დაამარცხებს ჯოკერს, კაპიტანი ამერიკა ამერიკული წესიერების დოგმატს შეურყვნელად შეინახავს, სუპერ გოგონა ყველა მანჰეტენელი მამაკაცის გულს მოიგებს, აი რუმატა ასტორელისთვის კი, როგორ რეალური, ცოცხალი სამყაროს ნამდვილზე ნამდვილი, ფიქრიანი ღმერთისთვის, ყველაფერი არც ისე იოლია.

   იმ ცივილიზაციის შვილისთვის, რომელმაც მილიონობით კილომეტრის გადმოლახვა შეძლო, კვანტური მექანიკისა და ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის ჭეშმარიტებებს მიაკვლია, თითქოს არაფერია შეუძლებელი აქოთებული დუქნების, ღიპიანი ბარონებისა და მოხეტიალე მენესტრელების სამყაროში. როცა ქალაქი ოფლში და სისხლში იხრჩობა, სასულიერო წოდება თეოკრატიული დიქტატურის წვრილი, ძვლოვანი საცეცებით იპყრობს ერთ დროს მხიარულად მოღიღინე, გაზულუქებულ, რასაკვირველია, აყროლებულ, და მაინც, თავისუფალ ქვეყანას; რუმატა ასტორელს, ანტონს, ატომური ცივილიზაციის აროგანტულ, ყოვლისშემძლე სუპერგმირს, შეუძლია შუაზე გაგლიჯოს თავისუფლების და ადამიანების მტრებიც, ნაწილაკებად დაშალოს და ისტორიის სანაგვეზე გადააგდოს დონ რებაც და მისი უფერულობის ფილოსოფიაც.

  და როგორ იქცევა რუმატა ასტორელი? ჰმ, და მე როგორ მოვიქცეოდი? ეგრევე გამახსენდა ჩვენი ცინცხალი და მარადიული ჭმუნვები: “ყველგან შეიძლებოდა დავბადებულიყავი და საქართველოში დავიბადე”, “აჰ, თუმცა, შეიძლებოდა ჩრდილოეთ კორეაშიც დავბადებულიყავი”, “რატომ მეტეორი არ დაეცემა ამ ბნელების ბუნაგს” და ა.შ. :დ დიდი ვერაფერი შედარებაა, მაგრამ წიგნის კითხვისას რატომღაც ამაზე ვფიქრობდი. როცა “სისტემა” ებრძვის ადამიანს, მის ნიჭს, მის ყველაზე სუნთქვისშემკვრელ და ლამაზ უნარს, მის ფანტაზიას, ცნობისმოყვარეობას, “საოცარი ახალი სამყაროების” შექმნის ტალანტს, სისტემას დედა არა ჰყავს და, სჯობს, თუ სულს განუტევებს. თუმცა, ერთი ადამიანის მოშორებით პრობლემის მოგვარების იმედი გულუბრყვილობაა, მთლიანი სისტემის მოშთობა- ძველი, ტკბილი გენოციდი.

   და მაშინ რა უნდა ქნას რუმატა ასტორელმა? და მე რას ვიზამდი? სიზმრის არქიტექტორობა ისწავლოს და მთვლემარე საიველებს ძილში შთაუნერგოს შემოქმედებისა და თავისუფლების დაფასება/სიყვარულის იდეა? კრისტოფერ ნოლანსა და ლეონარდო დიკაპრიოს მოვლენების მსგავსი განვითრება მოეწონებოდათ. სხვათა შორის, კეთილშობილი რუმატა დაახლოებით ამგვარ ვარიანტს განიხილავს კიდეც, – განმანათლებლობის დიადი ეპოქის დაწყება ზეციური ჰიპნოდასხივების მეშვეობით. ოჰ, დიდებული აზრია. დიდებული ძალადობრივი აზრი.

   და ეგება, ბიჭო, ადამიანურ პრობლემას რომ გაუმკლავდე, ღმერთი კი არა, ისევ და ისევ ადამიანი უნდა იყო? ღმერთის მთავარი თვისება ისაა, რომ უხილავია, მიუწვდომელია, ქარიზმატული სოციოპათია და კუკუდამალობანას თამაში უყვარს; გამოდის, რომ ადამიანობისთვის ისაა საჭირო, რომ ხილული იყო. ხილული, ხელშესახები, სისხლით და ხორცით ნაგები, იდეებითა და შესაძლებლობებით სავსე, ისეთივე, როგორიცაა, მაგალითისთვის, გენლი აი, “წყვდიადის მარცხენა ხელის” პერსონაჟი, რომელიც გეთენზე ჩადის, განიცდის დევნას, დამცირებას და შეურაცხყოფას, მაგრამ ის ღიად, დაუფარავად სთავაზობს ზამთარს ალტერნატიული განვითრების, სხვა, უკეთეს სამყაროში ცხოვრების შანსს. გენლი არაფრის ღმერთი არაა. გაწამებული, დაჭრილი, დასუსტებული კაცია, ვარსკვლავებიან ცაზე ოცნებებს ურიგებს თითებმოყინულ გეთენელებს და იმარჯვებს. იმარჯვებს, ბიჭოვ, რუმატავ :))

    p02mfc0r

   ჰოდა, როგორი უნდა ყოფილიყო რუმატას არჩევანი? წლების წინ, ბავშვობის დასასრულს, საოცრად გონიერი და ჭკუისკოლოფი ნათესავების გავლენით მხოლოდ კაბით რომ დავდიოდი, ვიცავდი მარხვას და არ ვთამაშობდი ბანქოს, ერთ დღესაც მომევლინა ხსნა. თვითონ ვიხსენი საკუთრი თავი. I made myself (შერლოკი იმაყაებდა მსგავსი თავმდაბლობით).  ბრმა რელიგიურობისა და ფანატიზმის ვიწრო, დაორთქლილი ოთახიდან ჩემმა (ვეჭვობ, არცთუ მთლად საზრიანმა) პატარა ტვინის პატარა ფიქრებმა და პაწუკა ოცნებებმა გამომიყვანა. მხოლოდ ცნობიერების შიგნით, ადამიანის ტვინისა და გულის სუნგამოყოლებულ იდეებს აქვთ შანსი, გიხსნან, დაგიცვან სისტემის გაცვეთილი, ნაცრისფერი, ჟანგიანი კიკიმორა დოგმებისგან. გერმანული იდეალიზმის ფისოლოსოფოსებმა ეს კარგად იციან. მე არ ვიცოდი, უბრალოდ “უგვანი” ფილმების ყურება მიყვარდა ბავშობიდან და ვერ დამიმორჩილეს :დ ინდივიდუალობისა და თავისფლების განცდას პირადი ძალისხმევა სჭირდება. ჩუქების ხელშეკრულების, ოფერტისა და აქცეპტის საგანი თავისუფლება ვერ იქნება.

  ჰოდა, რუმატა ასტორელი მაინც ჩემი სუპერბიჭუნაა. კეთილშობილი, ამაყი, ძლიერი, ფიქრიან – სევდიანი. რუმატას უხდებოდა ღმერთობა. მაგრამ, სადაც ღმერთის ხისტი ძალა არ ჭრის, იქ პატარა, უბრალო დეტალები შემოატრიალებენ ხოლმე საქმის ბედს. გახსოვთ ის ფილმი, “შოკოლადი”? ისეთმა უმნიშვნელო და უწონო რამემ, როგორიცაა, ერთი ფილა თხილიანი შოკოლადი, ყველაზე შუბლკარდონიანი და კონსერვატორულად მოაზროვნე ქალაქის მერის გული რომ მოალბო? დონ რუმატას საივაზე ცვლილებების განხორციელებისთვის გენლი აის გულწრფელობა/ხილულობა და ერთი “ფილა შოკოლადი” უფრო დაეხმარებოდა, ჩემის ფიქრით. საბაზისო თეორიაც ხომ სისტემაა, მექანიკაა, სამყაროს კი ყველაზე უკეთ პატარა დეტალები და კიდევ ჰომ… ჰობიტები ცვლიან:))

   ა.კ.ა. დასკვნა: გენიალური, სრულიად შესანიშნავი წიგნი. ნეტაი, ბევრი წავიკითხავდეთ. დონ რება და წმინდა ორდენი თავისი უდრეკი სიძულვილით ხელოვნების, სიახლისა და მრავალფეროვნების მიმართ მაგონებდა ჩვენს ტკბილსა და უნეტარესს საპატრიარქოს, სასუფეველში შესვლის ინსტრუქციებს რომ გვირიგებს დაუღალავად; ეს ხომ ყოველთვის ასეა, ადამიანებს გვიყვარს იდეებს მიკედლება, ერთ ფუქსავატ, გაქსუებულ იდეას ავიტაცებთ, როგორც “ტრადიციას”, “მრწამსს”, “გარდაუვალ ჭეშმარიტებას” და სხვა იდეებს ვაჩაგვრინებთ, სანამ ის პირველი ბოლომდე, ძირამდე არ გამოლპება და შმორის სუნი არ აუვა.   რუმატა მახსენებდა ახალგაზრდა, ჭყინტ გენდალფს, რომელმაც ჯერ კიდევ არ იცის, რომ ყველაზე ძლიერი, ურყევი, ზუსტი გარდაქმნა სულ პატარა, ციცქნა ცვლილებებით იწყება. მაგრამ ამასაც მიხვდება. უკვე ხვდებოდა. კეთილშობილი დონია თუ ვინაა, ბოლო-ბოლო. ანკა მახსენებდა ჩემს თავს.. არაჩვეულებრივი გარეკანი კი მეხვეწებოდა, ამომბეჭდა პოსტერად, ოთახში გამაკარიო. ერთ სტენსილსაც მიუძღვნის ამ წიგნს მომავალში თქვენი მონა-მორჩილი.

მადლობელი. ნახვამდის.

dznelia gmertoba-500x500

კომენტარები
Qeti Kopaliani
კომენტარები
Qeti Kopaliani
 
Leave a comment

Posted by on January 9, 2016 in Uncategorized

 

ზღაპარი დიდებისათვის

  როცა პირველად მეტროში ჩაიყვანეს, ფრედი 6 წლის იყო. თითონ სთხოვა დედას, დღეს მეტროთი ვიმგზავროთო. ესკალატორის კიდეებს ფრთხილად აბიჯებდა ფეხს, გამაფრთხილებელი ხაზის იქით არ გადადიოდა. ფრედი ყოველთვის ჭკვიანი და დამჯერი ბიჭი იყო. კარგი შვილი იყო ელენისათის, მათემატიკის მასწავლებლისთვის, როლისთვისაც ყოველი დღე დილის ექვსი საათიდან, დაღლილობიდან გამოღვიძებით და ჭიქა ესპრესოთი იწყებოდა, სახლში მოსვლით, ფრედისთვის ხორციანი ღვეზელების დაცხობით, ფქვილიანი ყელის ჩამოფერთხვით და დაღლილობაში ჩაძინებით სრულდებოდა.
ელენი შრომისმოყვარე და დაუზარელი ქალი იყო. წესიერი ადამიანიაო, ნათესავებიც სულ ამას ამბობდნენ.

  ძალიან კარგი იყო, კიდევ ვიმგზავროთ, ჩემზე ნუ ინერვიულებ, ყოჩაღად და კარგად მოვიქცევი, გვერდიდან არ მოგცილდებიო, უთხრა დედას ფრედიმ მეტროდან ამოსვლისას. ფრედი ნამდვილად ჭკვიანი და დამჯერი ბიჭი იყო, მაგრამ თავი კი ყოველთვის დაუჯერებელი ფიქრებით ჰქონდა სავსე. უცბად მეტროში ელექტროენერგია ითიშება. ნესტისა და შმორის სუნი ეგრევე სიბნელის სუნად იქცევა. მიწისქვეშა სამყარო ყოველგვარი სინათლის გარეშე მოხუცებულ კოსმოსს გავს, რომელსაც თვალებში სინათლის ნაპერწკლები გაუქრა, იმიტომ, რომ უკანასკნელი გალაქტიკის უკანასკნელი ვარსკვლავი ათასწლეულების წინ ცისფერ ცეცხლში ჩაიწვა. გარდაცვლილ ვარსკვლავებს საფლავში საპარსის, ერთი-ორი ხელი გამოსაცველელი ტანსაცმლისა და ოდეკოლონის ნაცვლად დროს, სივრცეს, ყოველგვარ ცოცხალს და სამყაროს უკანასკნელ ბგერებს აყოლებენ ალბათ. სიბნელე მტეროში დიდხანს, რა თქმა უნდა, არ გასტანს. აინთება სანთებელები, სმართფონების ეკრანები, კიდევ მეზობლად რომ გიზის, იმ ვარისფერქურთუკიანი გოგონას კედებიც გაანათებს სხვადასხვაფერად. სინათლე დაბრუნდება, ადამიანები კი იქნებიან დაბნეულები, შეწუხებულები, და აზარტულები. რამდენიმე წუთით ერთი ჩვეულებრივი მეტროს ჩვეულებრივ სადგურში ფრედის გარშემო სახეების ტყე ამოიზრდება. სიბნელით მოცული სხეულები სიბნელესა და სიცარიელეს შეუხორცდება, ფრედი მხოლოდ კუსტარული განათებით განათებულ სახეებს დაინახავს. შეიძლება არსებობდეს სამყარო, სადაც სახეები, მხიარულები, დანაღვლიანებულები, გაბრაზებულები, მეოცნებეები და იმედგაცრულები, როგორც დამოუკიდებელი არსებები, ხელების, ფეხების, სხეულების გარეშე იცხოვრობენ? მრგვალი სახეების ქალაქები, მეგაპოლისები, სახელმწიფოები და კონფედერაციები. ფრედის ყოველთვის აინტერესებდა ადამიანების სახეები, და რატომღაც ფიქრობდა, რომ მათ დანახვას სიბნელეში უკეთ მოახერხებდა. სიბნელეს მეტროში ნესტის, დასასრულის, დინჯი ცნობისმოყვარეობის და პენსიაზე გასული კოსმოსის სუნი უნდა ჰქონოდა. ასე ფიქრობდნენ ფრედის თავში ფრედის დაუჯერებელი ფიქრები. ფრედი კი სკოლაზე ფიქრობდა. სამაგალითო მოსწავლე იყო და საღამოობით ელენის დამზადებულ ზოგჯერ ხორციან, ზოგჯერ კი ყველიან ღვეზელებს ჭამდა.

fda386637b1ab007583167126ab2678692467083_hq

   ***
ლამბას უყვარდა საღამოობით ვარსკვლავებიანი ცის ყურება. უნდა ითქვას, რომ სახურავზე აძრომა მარტივი საქმე სულაც არ იყო. მის თანამედროვე არქიტექტურის უახლესი ტენდენციების მიხედვით აგებულ, კომფორტულად მოწყობილ და ელეგანტურ სახლს საოცრად რბილი და მოქნილი კედლები ჰქონდა. მოშავო-მონაცრისფრო პლასტიკატი საჭიროების შემთხვევაში იღებდა პატარა საწოლის, ციცქნა სავარძლის, მოხერხებული კუთხის დივნის, სამზარეულოს, ან მყუდრო ბუხრის ფორმებს. ცვალებადი სამყარო, ცვალებადი ფორმები. ფაფუკ პლასტმასში ჩაეფლობოდა ხოლმე, შეაცქერდებოდა ვარსკვლავებს და იმ ადგილას, სადაც ალბათ გული უნდა ყოფილიყო, მოლოდინის ტკბილი და სევდიანი ტალღა დაუვლიდა. იქ. სადღაც. ოდესღაც. ყველაფერი სხვანაირადაა მოწყობილი. ოთხკუთხა ვარსკვლავები და პარალალელოგრამის ფორმის მთვარე საქანელასავით ირწეოდა ლამბას თავზე.

   შემდეგ ჩამოვიდოდა ქვევით იატაკიდან ახლადამოზრდილი ბრჭყვიალა კიბით, მრგვალი ფანჯრებიდან ღამის საათებში ახმაურებულ, აფუსფუსებულ, მოძრავ ქუჩებს შეავლებდა თვალს. ლეინესის პატარა ქალაქში ქუჩები ხომ თავისი ცხოვრებით ცხოვრობენ. თავის ნებაზე გადაადგილდებიან, ფორმას, ფართობს და ფერებს ცვლიან. ზოგიერთი ქუჩა ზომაზე მეტად ექსცენტრიული და თავნებაა, დილით რომ ქალაქის ერთ უბანშია, ღამით, ქალაქის სულ სხვა უბანში აღმოაჩენენ ხოლმე. არიან სხვა ქუჩებიც, ინტროვერტები, საკუთარ თავში გამოკეტილები, მშვიდები და მარტოსულები. ლეინესის თითოეულ ქუჩას თავისი უნიკალური ხასიათი, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ნევროზები და ტრავმები აქვს. გართობა და ცელქობაც სხვადასხვანაირად წარმოუდგენიათ. არსებობს ახალგაზრდა და მოხუცი, ბრაზიანი და მორიდებული, ხარბი და ხელგაშლილი ქუჩები. ქუჩების ფსიქოლოგია ლეინესში ბევრმა გამოჩენილმა მეცნიერმა ლეინესელმა გამოიკვლია და არაერთი დისერტაციაცაა დაწერილი აღნიშნულ თემაზე. ლამბას ქუჩა საკმაოდ მორცხვ და დაღონებულ ქუჩათა კლასიდანაა. და, როგორც წესი, ზრდილობიანი რიდითა და მსუბუქი მელნაქოლიით მიზოზინებს თავის წრიულ გზებზე.

  ფანჯარას მოსცილდება ხოლმე და სანამ თავის სფეროსებურ ტელევიზორს ჩართავდეს საყვარელი ტელეშოუს საყურებლად, ლამბა სარკეში იხედება. ლაინესელთა უმეტესობის მზერა ყოველთვის საკუთარი თავისკენაა მიპყრობილი, გარედან, რამდენიმე მეტრის მანძილიდან უყურებენ საკუთარ თავს და ახლობელ-ნათესავებს, პლასტიკატის სახლებსა და ცოცხალ ქუჩაბანდებს. სარკეში კი იმიტომ იხედებიან, რომ გარშემო სამყარო დაინახონ. ლამბამაც სარკეში ჩახედვისას შიგნიდან გარეთ გამოიხედა. შემდეგ უახლესი მოდელის დრეკად ტელევიზორს ჩართავს და სანამ სერიალი დაიწყებოდეს, არარსებულ ხელს ჩამოისვამს არარსებული გულის ადგილას.

download

***

   16 წლის ფრედის, რასაკვირველია, უკვე იმაზე უწევდა ფიქრი, მომავალში რა პროფესია შეერჩია. ექიმი ფრედი. იურისტი ფრედი. მასწავლებელი ფრედი. ინჟინერი ფრედი. ფრედი ნებისმიერი ვინმე შეიძლებოდა ყოფილიყო, უბრალოდ ფრედი კი ვეღარ იქნებოდა. სკოლაში ისევ აქტიური და ბეჯითი მოსწავლე იყო, კარგად მოსაუბრე, თავაზიანი. სკოლის პრეზიდენტიც შეიძლებოდა ყოფილიყო, რომ მოენდომებინა. მაგრამ, როგორც ზოგიერთ ადამიანს აწუხებს ყელი, გული, ხერხემალი ან ნაღრძობი კოჭი, ფრედის ამგვარად სიტყვები აწუხებდა. ეს იყო სიტყვები, რომელთა თქმაც ყოველთვის აუცილებელი და მნიშვნელოვანია. ფრედის სამყარო ხომ შიგნიდან გარეთ იხედებოდა, ფიქრებიც შიგნიდან გარეთ მიედინებოდნენ და გამოთქმას, განხორციელებას, მოქმედებას და ფესვების მყარ ნიადაგში საფუძლიანად გადგმას მოითხოვდნენ. ართქმულ სიტყვას ფასი არა აქვს. ართქმული სიტყვა წარუმატებელი სიტყვაა. ფრედის თავი, მართალია, სავსე იყო წარმატებული, გაზეპირებული, ყოვლად აუცილებელი სიტყვებით, მაგრამ წარუმატებელი, მარტოობაში დაჩეკილი და ლოლიავობით, სიფრთხილითა და სინაზით გამოკვებილი სიტყვებიც იქვე ბუდობდნენ.

  მიწისქვეშა სამყარო ისევე უყვარდა. იქ სიტყვების ტკივილი ხშირად უამდებოდა ხოლმე. ამიტომ ბევრს დაძვრებოდა ხან მეგობრებთან ერთად, ხანაც მარტო, ახლო-მახლო გამოქვაბულებში. შუბლზე მიმაგრებული ფანრებითა და ხელნაკეთი რუკებით დადიოდნენ. ერთხელ კინაღამ დაიკარგნენ, სხვა დროს ღამურების თვშესაფარს წააწყდნენ. ადგილობრივ ლეგენდებს თუ დაუჯერებდი, ამ ქვაბულებში არქაული დრაკონი ცხოვრობდა ერთ დროს. ლეგენდას განიხილვანდნენ და სიცილით იფხრიწებოდნენ. ამ პატარა თავგადასავლებზე კინოსაც კი გადაიღებდა კაციო, ფიქრობდა ფრედი. იქ, მიწიდან შორს, ქვის თაღის ქვეშ, დისპოზიცია იცვლება. ადამიანების ქალაქებში სიცოცხლეა, მოძრაობაა, დრო ნერვულად ბოლთას სცემს, სუნთქვის ანაორთქლი ემჩნევა ფერად შუშებს, ისტორია მუდმივად ქმნის საკუთარ სხეულს- სიუჟეტს. კლდეებს, ქვებს, უსასრულო მიწისქვეშა დარბაზების სიცარიელეს, უსიცოცხლობას და მოგუდულ ვაკუუმს კი დრო არ სჭირდება. ისინი იქნებიან მაშინაც, როდესაც ჩვენ აღარ ვიქნებით, გაქრება ტელევიზიები და მობილური ტელეფონები, ეკლესიის გუმბათები და სწრაფი კვების ობიექტები. უცხო, დამთრგუნავი და ბუმბერაზი სული სახლობს მიწისქვეშ. და კიდევ კოსმოსში. ფიქრობდა ფრედი. უსიცოცხლო, უსიტყვო, უდროო.

  სახლში რომ დაბრუნდებოდა, ისევ სიტყვები წვდებოდნენ ყელში. შეჭამდა, იმეცადინებდა. ელენს მოეხვეოდა, დააიმედებდა, რომ მომავალში კარგი ფრედი იქნება. კარგი და დამჯერი ფრედი. ძილის წინ რაიმე გასართობ ფილმს ჩართავდა. ნეტავ, ყველაფერი ისე იყოს, როგორც კინოშიო, გაიფიქრებდა, ლამაზი და ფერადი შაბლონებით, უსასრულო შესაძლებლობებით და არასავალდებულო სიუჟეტებით.

      ***

   ლამბა სულ რაღაც 40 ლესის იყო, მაგრამ უკვე მუშაობდა. ლაინესში მუშაობას ადრეული ასაკიდანვე იწყებენ. და ლამბასაც გადაწყვეტილი ჰქონდა, ჯიბის ფული თავადვე გამოემუშავებინა. განსაკუთრებული არაფერი, რა თქმა უნდა, 40 ლესის რომ ხარ, საქმე მთლად ასარჩევად არა გაქვს. მოკლედ, ადგა და აზრების დამტარებლად დაიწყო მუშაობა. აზრების ბაზარზე ასორტიმენტი საკმაოდ ფართო იყო, დაწყებული “მხიარული” ან “ყოველდღიური” აზრებით, და დამთარებული “დიდებული” ან ” აზრთაშორისი” აზრებით. ერთმანეთთან კონკურენციაში მყოფი ფირმები სხვადასხვა სლოგანებით იზიდავდნენ თავიანთ მომხმარებლებს, “იყიდე ერთი აზრი და მიიღე მეორე უფასოდ”, “თითო აზრი ყველა ოჯახს”, “დაიწყე დღე იდეასთან ერთად” და ა.შ. როდესაც სახე ხარ, აზრებს იმაზე მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ოდესმე შეგეძლო წარმოგედგინა. ყველა პატიოსან და საღად მოაზროვნე სახეს ყოველდღიურად უნდა ეყიდა ცინცხალი აზრები, რადგან ლაინეისში ფიქრები ყველთვის გარედან შიგნით მიედინებოდა, როგორ მზერა, ბუნებრივია, გარეგნულიდან შინაგანისკენ არის მიმართული.

   ადრე იღვიძებდა, ცოცხალი ქუჩების შუშაბანდებში მოძრავ მემორიალს მიეკვრებოდა და სწავლული ქუჩის უბნის რბილი სახლების ბინადრებს ქორფა აზრებით ამარაგებდა. მოძრავ მემორიალებს რაც შეეხება, ლამბას ისინი ყოველთვის მოსწონდა. ერთმანეთის გვერდით მიჯრით ჩალაგებული ასობით კმაყოფილი, უკმაყოფილო, ემოციური, უემოციო, განრისხებული, წყნარი, პატარა და დიდი სახე მემორიალური კედლის ორთავე მხარეს საინტერესო მოზაიკას ქმნიდა. ამ დროს ხომ ლამბა საკუთარი სახის გარდა, სხვა სახეების სახეებსაც აკვირდებოდა.

 ლაინესის არქიტექტურა, ჯადოსნური პლასტიკატის მუდმივად სასურველისაკენ ცვალებადი დიზაინითა და ზოგიერთი უხასიათო ქუჩითა თუ უჟმური შუქნიშნით, სავარაუდოდ, იყო კიდევაც მიზეზი იმისა, რომ ლაინესელ სახეებს თვითგანვითარებისა და საკუთარ თავში ჩაღრმავებისაკენ უფრო ჰქონდათ მიდრეკილება, ვიდრე “რეალური”, მატერიალური სამყაროთი მანიპულირებისაკენ. აი მაგალითად, ლამბა ყოველთვის კარგ რიტორად მიიჩენოდა ნაცნობი სახეების წრეში. მას საერთოდ არ უყვარდა ლაპარაკი. მეზობელი ლაისა კი გადასარევი სპორტსმენი იყო. ერთხელად არ ამდგარა თავისი კომფორტული ვარდისფერი პლასტიკატის მომცრო დივნიდან.

   და მაინც. ლამბას აზრების დატარებაზე და პარალელოგრამი მთვარის ყურებაზე მეტად სარკეში ყურება უყვარდა. სარკეში და კიდევ ტელევიზორშიც. 20 ლესის რომ იყო, იმ დროიდან მოყოლებული უყურებდა შოუს სახელწოდებით “ზღაპარი დიდებისათვის”. საინტერესო რამ იყო. პოსტმოდერნული, დაუჯერებელი ამბებითა და სრულიად ალოგიკური ბმებით. მაგრამ ლამბას მოსწონდა. ძალიან მოსწონდა ფანტასტიკური ისტორიები ფრედიზე, რომელმაც 6 წლის ასაკში პირველად ნახა მეტრო, რომელსაც ჰქონდა სხეული და ერთხელ გამოქვაბულში მეგობრებთან სეირნობისას კინაღამ დაიკარგა. აბსურდია, რა თქმა უნდა, მაგრამ ლამაზი, მსუყე აბსურდი. ლამაზი სამყარო, რომელიც მხოლოდ იქ, სადღაც, ოდესღაც, იქნებ არსებობდა. იქნებ არსებობს. ფიქრობდა ლამბა.

***
თავად ლამბაზეც ფიქრობდა ვიღაც. შეიძლება, რომ ყველაფერი ისე იყოს, როგორც კინოშია, როგორც ამ დაწყევლილ შოუში, “ზღაპრები დიდებისათვის”? ფიქრობდა ფრედი, ლამბაზე, სიბნელეზე, აზრებისა და ქმედებების სამყაროებზე. ფრედი თვალს ადევნებდა ლაინესის ცხოვრებას საკაბელო ტელევიზიით, რომელშიც თვეში 30 $-ს იხდიდნენ. და ხშირად, ხშირად ფიქრობდა ლამბაზეც.

tumblr_ln4sbhXkCJ1ql3k2io1_500

 
Leave a comment

Posted by on December 10, 2015 in Uncategorized

 

The Babadook

 The Babadook ვნახე და მივხვდი, რომ ასეთი მაგარი ჰორორი წლებია უკვე არ მინახავს. მინიმალური ფინანსებით და სულ რაღაც ორი (მაგრამ მხეცის მხეცი მსახიობით) ბლოუმაინდინგ ვეში დადეს და ყოჩაღ ამათ.

Featured image

   ედგარ ალან პოს აქვს ერთი მოთხრობა, რომელშიც ფსიქიატრიულის პაციენტები ბუნტს მოაწყობენ დირექტორის წინააღმდეგ, ბოლოს იმდენსაც მოახერხებენ, რომ პერსონალს სარდაფებში ჩაყრიან და თვითონ დაიკავებენ მათ ადგილს. და აი ასე, დედმიწაზე ჩნდება ერთი განყენებული, დაუჯერებელი და სიურეალისტური კუნძული, სადაც საღი გონება ითვლება – ნაკლად, სიგიჟე კი – ნორმად. ალბათ სამართლიანია. გარკვეულწილად. სიგიჟე ყოფიერების ავთენტური ფორმაა იმათთვის, ვისთვისაც ილუზია მატერიალიზირებული ცოცხალი ორგანიზმია. ხომ უნდა არსებობდეს სადმე, ოდესმე, სივრცე, სადაც ცხოვრობენ ადამიანები, ვინც ყურებით ხედავენ, თვალებით ისმენენ, ფერადი ნაცრისფრად ეჩვენებათ, ნაცრისფერი კი ყველაზე თვალისმომჭრელ ილუმინაციად. საღი და მოსაწყენი გონების დიქტატს ბოლო უნდა მოეღოს. რაღა დროს რაციონალურობა და ერთ ფორმაში გამომცხვარი სტაბილური ტვინებიაო, დაიჩივლა უბედურმა პომ. მოკლედ, ეს არის მოთხრობა, რომელშიც ორი იდეოლოგიური, ფრთიანი ფორმულა “ებრძვის” ერთმანეთს. ერთი ძველმოდური, მტვერწაყრილი და ობისსუნიანი, დღეს უკვე ფრიკშოუს მსგავს გადმონაშთად მიჩნეული, მკვახე და მჭრელი აზრი იმის შესახებ, რომ სიგიჟე განკურნებადი არ არის. თუ პაციენტს ჰგონია, რომ ის ცხენია, მაშინ ექიმმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ის ბედნიერი ცხენი იყოს, რადგამ უმჯობესია, იყო ბედნიერი ცხენი, ვიდრე უბედური ადამიანი. მეორე, შედარებით ლიბერალური, კაცთმოყვარე და უშურველი ენთუზიაზმით სავსე ფრთოსანი ფორმულა იმას იჩემებეს, რომ სიგიჟე ჯოჯოხეთთან მიახლოებას გავს, სიკვდილის მყრალ მონასუნთქს გავს დაბერებულ და ხორკლიან სახეში. და, რადგანაც ჩვენ სიგიჟესთან მიახლოება შეგვიძლია, მისგან დაშორებაც უნდა შეგვეძლოს. თუ ჩვენი ცხოვრების ყველაზე ბედნიერ წუთებს მოვეჭიდებით, თუ ენდორფინებით გაჭყეპილ სამოთხის ღრუბლებს შევავლებთ თვალს, სიგიჟე გაქრება, როგორც სიბნელე, როგორც დილის ნისლი, როგორც ბზარი კედელში.

Featured image

   ხან მომხიბვლელი და ფუმფულა ცინიზმით, ხან ხსნისა და გადარჩენის ფრიად რომანტიკული, ესქატოლოგიური, სულიშემძვრელად კეთილშობილი მონაჩმახებით ადამიანების სულების კულინარებად და შეფ-პოვარებად მიჩნეული თეთრხალათიანი ანგელოზები ისევ და ისევ, როგორც ყოველთვის, რა გასაკვირია, რომ, არაფრის აზრზეც არ არიან. რამდენჯერაც უნდა ჩააგდონ ჯოკერი არქჰემში, სწორი ღირებულებები ჩაუნერგონ და ჯანსაღი ძილი ასწავლონ, ჯოკერი მაინც გამოიქცევა არქჰემიდან, ააფეთქებს არქჰემს, ჯანსაღი ტვინების ქალაქსაც, და ბეტსის ყურებზე მოეფერება. მე მგონია, რომ სიგიჟე გავს ცნობიერებაში გაჩენილ მინიმალისტურ და საოცრად მოქნილ, თანმიმდევრულ და ელეგანტურ შავ ხვრელს, მას აქვს გასაოცარი მიზიდულობის ძალა. ის შეიწოვს და შეისრუტავს შოკოლადის და ირისის კანფეტებს შენი ბავშვობიდან, შენს პირველ კოცნასაც შეისრუტავს, ლურჯ ცას და ბალახის სიმწვანესაც გადაყლაპავს, მთვარეს ერთ ლუკმად შეჭამს და მეგობრებს უხორცო აჩრდილებად გიქცევს. სიკვდილის, სიბნელის და არარად ყოფნის შიში სიცოცხლის, ყოფიერების ქსოვილზე მწყობრად დალაგებულ უჯრედებს და ამ უჯრედების მილიარდობით, ტრილიონობით ატომს ფაღარათს უჩენს, შიგნეულობას ამოუტრიალებს და კონტრუჯრედებად, კონტრატომებად აქცევს. ყველაფერს, რასაც ჰქონდა მაღალი და მიუწვდომელი ღირებულება, ყველაფერს, რასაც ქონდა მნიშვნელობა, შინაარსი, სურვილი და ნდომა, სიგიჟე აქცევს არარაობად, გაძვალტყავებულ, ცარიელ მატრიცად. და რაც მთავარია, სიგიჟე არ გაქრება. არასოდეს წარმოიდგინეთ საუკეთესო რესტორანი, რომლის კერძებსაც დიდი სიამოვნებით აგემოვნებდით მთელი ცხოვრების განმავლობაში, მაგრამ ერთხელაც, გაიგეთ, რომ აღნიშნულ რესტორანში კლიენტისთვის მორთმეულ მარწყვის ტორტს სურნელოვანი და ჰაეროვანი ფეკალიების მსუბუქი ნატეხებიც მოყვა ბონუსად, პირდაპირ მარწყვისფერ, ქუნქულა კრემში. ჩვენთვის საყვარელი რესტორანი ვერასდროს მოიშორებს ამ ხინჯს, არა, კი კარგია, კი გემრიელია, კი კარგი მომსახურება აქვთ, მაგრამ ყოველი სისხლიანი სტეიკის, შოკოლადის ნამცხვრის ყოველი ლუკმის გადაყლაპვისას იგრძნობთ იმ შეიძლება ერთადაერთი ჰაეროვანი და სურნელოვანი იაღლიშის გემოს, და ეს არ დასრულდება, არასდროს სიგიჟე არის ცნობიერების შავი ხვრელი, რომელიც არ დაიხურება, არასდროს. სიგიჟე არის ცნობიერების უცნაური ცხოველი, ჩვენი ეჭვიანი და პარანოიდული ბოიფრენდი, რომელიც თავს არ დაგვანებებს, არასდროს.  სიგიჟე არის ეჭვის შეტანა საკუთარ თავში, საკუთარ არსებობაში, სამყაროს რეალურობაში. ადამიანები, ვინ არასდროს დაფიქრებულან  ლურჯ არაფერზე, მარადიულ და მძიმე ვაკუუმზე, ან თუნდაც, საქმოსან მატლებზე, რომლებიც ჩვენს სხეულს შეჭამენ one way or another,  ბავშვები არიან და მათია ცათა სასუფეველი.  დედამიწა კი ედგარ ალან პოს ფსიქიატრიულს გავს, ექიმების ადგილი პაციენტებმა დაიკავეს.

Featured image

   “ბაბადუკი” არის აბსოლუტურად უწყინარი, პატარა და საბავშვო ისტორია ლოგინის ქვეშ, ბნელ კარადებში ან საკუჭნაოებში მცხოვრებ ძალიან სასაცილო და ძალიან გროტესკულ მონსტრზე, მონსტრუკაზე, რომელ ისტორიასაც ერთ მშვენიერ საღამოს ერთი მშვენიერი და ქერათმაინი დედა თავის ლამაზ და ხუჭუჭათმიან შვილიკოს წაუკითხავს. ყველაფერი კარგადაა, ყველაფერი ისეა, როგორც “ბიოშოკის” პატრიოტულ პლაკატებზე ან ძველ საბჭოთა პროპაგანდისტულ ბუკლეტებში. ლამაზი დედა და ლამაზი შვილი, და ერთიც – ზღაპრული ბუა. მაგრამ საინტერესო ფილმები და საინტერესო ადამიანები ორგანზომილებიანი, პლაკატური სამყაროებიდან ტრიუფმალურად, ძლევამოსილად გამოდიან ხოლმე ფერადი, სამგანზომილებიანი სამყაროს სინემატიკურ სცენაზე და კინგ-კონგივით განწირულად, გაშლეგებული, დაჭრილი მხეცებივით, ღრიალებენ ხოლმე თავისი გიჟური, გულწრფელი და ცხოვრებისეული პერფორმანსისას. თქვენ არ იცით, როგორ მიყვარს ასეთი სამგანზომილებიანი, უცნაური და სასოწარკვეთილი, ცოცხალი, მფეთქავი ადამიანები. “ბაბადუკის” მთავარი პერსონაჟები კი სწორედ ასეთები არიან, მოკვდეთ პატრონი. “მშვენიერმა” მარტოხელა დედამ თავისი ოცნების კარიერაზე, მწერლობაზე, უარი თქვა და მოხუცებულთა თავშესაფარში დაიწყო მუშაობა, არც ქმარი ყავს, არც საყვარელი, მარტოა და ღამღამობით საყვარელ ვიბრატორს ეხუტება, ხანდახან კი შვილის სიკვდილზეც ოცნებობს. რა ლამაზი იქნებოდა ცხოვრება პასუხისმგებლობის, მუდმივად სათხოვნელად, სახვეწარად, მოსაფერებლად და ციებცხელებიანი ალერსისათვის გამოწვდილი პატარა ხელების გარეშე. შეიძლება თუ არა, რომ შვილი ძალადობდეს მშობელზე? “ბაბადუკში” ეს შესაძლებელი აღმოჩნდა. პატარა სემუილი პატარა, ვარდისფერთითება ომენია. ის არის ყველგან, ამელიას ცხოვრების ყველა ასპექტში, მისი ყოფის თითოეული პატარა თუ დიდი ოთახი სავსეა სემუილით. სემუილი სამსახურში, სემუილი სამზარეულოში, სემუილი საძინებელში, სემული ცხადში, სემუილი სიზმარში. სემუილი. სემუილი. სეეეემუუუიიიიილიიიი. არადა, როგორი ლამაზი ოცნებები ჰქონდა. სემუილი საყვარელია, მაგრამ პულიცერის პრემიას რომ აიღებდა, ისიც ალბათ ძალიან საყვარლობა იქნებოდა. სემუილს დედიკო უყვარს, მაგრამ ქმარზე მეტად ემი არავის უყვარდა, ილუზიონისტი ქმარი კი ტრაგიკულ ავარიაში დაეღუპა. საწყალი, საწყალი ემი. და საწყალი სემუილი, პატარა, ნიჭიერი და ეგოცენტრიკი ლაწირაკი, რომელიც ლამაზია პაჭუა ადონისივით და მომთხოვნი, ნევრასთენიკი ტირანია შეშლილი კალიგულასავით. სემუილი უმამოდ გაიზარდა, უმცირესი სოციალური უჯრედის “ძირითადი საყრდენის” გარეშე, გაიზარდა ყურადღებაში, ალერსში და შეუხორცებელ ტრავმაში, შესაბამისად, მისი ეგოიზმი, ბავშვური და აუტანელი ნევროზები, ენერგოვამპირის შინდისფერი აურა ისეთივე კანონზომიერი და ლოგიკური მოვლენაა, როგორც დილის ცვარი ან ტიტანიკის ჩაძირვა. და სწორედ ამ დროს, ისედაც დაძაბული და აფეთქების პირას მყოფი ოჯახური დრამის ფონზე გამოჩნდება ის, მარტოხელა და შიზოფრენიული მონსტრი, მონსტრუკა, ბაბადუკი. ალბათ შეუძლებელია იმის ზუსტად გარკვევა, ბაბადუკი რეალურად არსებობს, თუ მხოლოდ დუელიანტი დედა-შვილის დაავადებულ, მოთენთილ და დაუძლურებულ გონებაში დაბადებული მეტაფიზიკური პარაზიტია. ამას არცა აქვს მნიშვნელობა. მთავარი ისაა, რომ ბაბადუკი თავის თავში აერთიანებს ერთ სივრცეში, ერთ დაობებულ, ნესტიან ტაფაში ჩახრუკული დედა-შვილის ღამისეულ კოშმარებს, ზლაზნია შიშებს, მყრალ სიგიჟეებს. ბაბადუკი მათი კოლექტიური შავი ხვრელია, სიკვდილის შავი და გოთიკური მაცნეა, რომელიც საუკეთესოს კლავს მშობლისა და შვილის ურთიერთობაში და ყველაზე უარესს ტოვებს ცოცხლად – იმედგაცრუებას, აგრესიას, ფარულ ზიზღს.

Featured image

   ორი მსახიობი. ერთი სახლი. და გადასარევი დრამა. ადამიანები იკეთებენ ნიღბებს და გამოაჩენენ თავის ნამდვილ სახეებს. როგორც კი ბაბადუკი დაივანებს ცისფერი სახლის სარდაფებსა და სხვენებში, ამელია და სემუილი ტრანსფორმირდებიან იმათ, ვინც ყოველთვის იყვნენ. დაუძინებელი მტრები :3 არქიმტრები :3 გადაულახავი წინააღმდეგობა და შეუჩერებელი ძალა ხვდებიან ერთმანეთს :3  ნოა უაიზმენი, 7 წლის პატარა ბღარტია, წარმოიდგინეთ, მოცუცქნული, ბუდიდან გადმოვარდნილი ბარტყი, რომელიც ეშმაკივით თამაშობს თავის პერსონაჟს. ესსი დევისი კი, “მშვენიერი გვადალუპე”, ნევროზის ჭეშმარიტი ქალღმერთია. ქალი ლოტოსის სიმშვიდით, ვანილის ნაყინივით ტკბილი და იმქვეყნიური ხმით, ვარფისფერი და ნაზი, უნაზესი კანით ფილმის დასასრულს ნამდვილ, გავეშებულ ფურიად, მსხვერპლის კლანჭებით გასაგლეჯად მომართულ მითიურ ქიმერად იქცევა. ოქროს გლობუსსაც, ოსკარსაც და მკერდიდან ამოგლეჯილ სისხლიან გულსაც რომ მრგვალ მუხლებთან დაულაგებ, ისეთია ქალია ესსი დევისი. ჰოდა, როგორ ხდება ის, რომ იმათ, ვისაც უნდა უყვარდეთ, სინამდვილეში ასე სძულთ ერთმანეთი? წინა კვირებში “ილიადაზე” და “ოდისეაზე” გამართულ ლექციებზე ლევან ბერძენიშვილმა თქვა, რომ, ბიჭებო და გოგოებოო, პატარა ბაჭიებოო, სიყვარული და სიძულვილი სინამდვილეში ერთი გრძნობაა, თქვენ წარმოიდგინეთო. როცა გიყვარს, გძულს კიდევაც. და ეს ისეთივე ფაქტია, როგორც ის, რომ ადამიანი, კუდრაჭებოო, დუალისტური არსებაა და შოკოლადები და კარამელი ხომ უყვარს და უყვარს, მაგრამ ძველი, ტკბილი ძალადობა და ალექსდელარჯობაც სისხლში აქვს, პატარებო და კოპწიებო, ამას ვერაფერს მოვუხერხებთო. ჩვენ გვიყვარს ადამიანები იმის გამო, რასაც გვმატებენ, მათი ლამაზი და მღელვარე პორტრეტები გვიყვარს, და გვძულს ისინი იმის გამოც, რასაც გვაკლებენ. დანარჩენი, სიყვარულისგან, მიჯაჭვულობისგან, მშობლიურობის განცდისგან თავისუფალი, ლაღი და ახალი სამყაროების სამუდამოდ დაკარგული პერგამენტები აგვახიეს ჩვენმა საყვარელმა ადგილებმა, დროებმა და ადამიანებმა. წინასწარგანსაზღვრულობაში, სახლებში და ყოფაში მოგვაქციეს და ამისთვის მზად ვართ ერთმანეთის ხორცი შევჭამოთ, ერთმანეთის სისხლში ვიბანაოთ, ოღონდ, ამის დედაც, გავთავისუფლდეთ, თავიდან დავიბადოთ და ისეთივე ყოვლისშემძლეები გავხდეთ, როგორც თავიდან, დროთა დასაწყიში, ფუნჩულა ტრაკები რომ გამოვყავით დედის საშოდან, მერე წირპლიანი თვალები გავახილეთ და სამყაროს შემეცნება დავიწყეთ, აი მაშინ ვიყავით.

Featured image

   სიგიჟე არის ცნობიერების უცნაური ცხოველი, ჩვენი ეჭვიანი და პარანოიდული ბოიფრენდი, რომელიც თავს არ დაგვანებებს, არასდროს. თუმცა,  სიგიჟე არის ცნობიერების სევდიანი, მოუსვენარი მხეცი, რომლის მოთვინიერებაც შესაძლებელია. “ბაბადუკი” მთავრდება იმით, რომ თითქოს ოციანი წლების ფრიკშოუებიდან გამოპარულ მოსნტრს ცისფერი და ლამაზი სახლის სარდაფში გამოკეტავს დედა-შვილი. სიგიჟე დამარცხებადია, გაქრობადია, ოღონდ დროებით. და ისიც მხოლოდ ჩვენი გაწვალებული გონების სარდაფებში, ქვეცნობიერის ჯურღმულებში დაივანებს ხოლმე, დროდადრო. ჩვენ შეგვიძლია შევწვათ ბარბექიუ, წავიკითხოთ ლამაზი წიგნები და გვყავდეს არაჩვეულებრივი მეგობრები, შეიძლება გვერქვას პატიოსანი მოქალაქეები და საერთოდაც, ვიყოთ გადასარევი ადამიანები, მაგრამ ჩვენს მონსტრებს ჩვენი სულის სარდაფებში ძინავთ, ძილის წინ კი ამოდიან და შუბლზე გვკოცნიან გაპოხილი, ზეთოვანი ტუჩებით. ჩვენ ვებრძვით სიძულვილს საკუთარ თავში, ვებრძვით სიგიჟეს და არქაულ, წინარეისტორიულ მონსტრებს ჩვენსავე ცნობიერებაში. სულელი, სულელი ადამიანი, რომელსაც ერთდროულად უნდა უთვალავი, მილიარდი სამყარო, უნდა აღიარება და ძლევამოსილი ძალაუფლება, მაგრამ სინამდვილეში, ყველაზე მეტად, ყველაზე ძლიერი და ტკბილი, მოურჩენელი სიყვარულით მხოლოდ საკუთარი სახლი უყვარს, მხოლოდ სახლი, თავისი ერთადერთი, ცისფერი სახლი. ჩვენს გონებას გალაქტიკების შემეცნება შეუძლია, დონდლო სხეულმა და დრეკადმა სულმა კი უკვე იპოვა მშვიდი ნავთსაყუდელი და რომანტიკული კომფორტი. სიყვარული და ინდივიდუალიზმი გვაძლევს ყველაფერს, ადამიანურს, და გვართმევს ყველაფერს, ღმერთულს, იმიერს, ოცნებისმიერს. ადამიანური და “ღმერთული” ვერასდროს აპატიებენ ერთმანეთს. ვერ შერიგდებიან. კათარზისი ვერ მოხდება.

   ასე რომ, თეთრხალათიანი ანგელოზები ცდებიან. ბედნიერ ცხენს უბედური ადამიანი ჯობია, უბედურ ადამიანს კი ადამიანი, რომელმაც პირადი ბაბადუკი აბლაბუდებიან სარდაფში გამოკეტა და თავისი ცხოვრების მცირე-მცირე სტრესებს – ყოველდღიურობის ჭიაღუებს, აჭმევს ხოლმე მას. სიგიჟე არ გაქრება, არასდროს. ჩვენ უბრალოდ შეგვიძლია მივტრიალდეთ მონადირე მთავრის ნათელი მხარისკენ და დავიჯეროთ, რომ ოთახის ბნელ კუთხეებში არავინაა. არავინაა. არავინაა. არავინაა.  საერთოდ არავინაა. მართვადი და მოთვინიერებული, ჭეშმარიტი  სიგიჟის ისტორიაა “ბაბადუკი”, ბოლო დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჰორორი. და აუცილებლად ღირს ნახვად.

Featured image

 
Leave a comment

Posted by on January 12, 2015 in კინო

 

Interstellar

interstellar-3-doaly (1)  ყველანი “ინტერსტელარზე” ლაპარაკობთ ამ ბოლო დროს და მეც ჩავაკვეტებ ჩემს სათქმელს 🙂 არაჩვეულებრივი ფილმია. გადასარევი ფილმია. ფილმი კი არა, გაცხადებული, ეკრანზე გადმოტანილი და გემოვნებიანად ლაქირებული სიზმარია, სათუთი და მშვენიერი ოცნებაა ჩემნაირი ტიპებისთვის, შენნაირი ტიპებისთვის, ჩვენნაირი ტიპებისთვის. აი იმ უცნაური და მოჩვენება ადამიანებისთვის, ოთხ კედელში გამოკეტილები რომ დავბორიალობთ პირში სიგარეტგარჭობილები, სამყაროს შეუცნობელ საიდუმლოებებზე მოფიქრალები, ჩიფსებს რომ ვახრაშუნებთ, მუხლებმოკეცილად ჩასვენებულები რომ ვსხედვართ ჩვენს ნერდულ სავარძლებში და მორგან ფრიმენის მენესტრელურ ხმას ვუსმენთ, ღრმა და მისტიკურად ჩახლეჩილ, იმთავითვე ბრძნულად მიჩნეულ ხმას, რომელიც უსასრულო კოსმოსზე, შორეულ პლანეტებზე და შესაძლო, ლამაზ სიცოცხლეებზე გვიყვება. ჩვენ ჩვენი კლავიატურაზე მოფარფატე მოქნილი და მუშა თითებით, ინფორმაციული კრემისფერი ღრუბლით ტვინის ნაცვლად, სამყაროს ნამდვილი ბატონ-პატრონები ვართ. არ გიფიქრიათ ამაზე? მე, მაწ ევო, მიფიქრია. ფრიად იმპოზანტური (და დიდი ალბათობით მწვანეთვალება) არაბი პრინცი “ათას ერთი ღამიდან” მთელი სიცოცხლის განმავლობაში ეძებდა სამყროს დაუჯერებელ სასწაულს, ჯადოსნურ სარკეს, რომელიც გადაკვეთავდა დროისა და სივრცის პირობით, სიაფანდურ საზღვრებს და მსურველს უჩვენებდა სწორედ იმ მომხიბვლელ, მადისაღმძვრელ და სანატრელ სურათს, რასაც თავად მსურველივე ჩაიფიქრებდა. ასეთ “ჯადოსნურ სარკეს” მარტო  ღვთაებრივი, ყველაზე წმინდა, პირველქმნილი და საკრალური ინიციაციის გავლის შემდეგ მხოლოდ რჩეულები თუ დაეუფლებოდნენ ხოლმე, ისიც გასაოცარი და წარმოუდგენელი განსაცდელების გავლის შემდეგ. გრაალის მინაბულ ნათებას რომ გაუსწორო თვალი, უნდა გადალახო ორკუდიანი ყვავის მდინარე, გამოიარო შეშფოთებული დევისა და აღშფოთებული ტროლის გამოქვაბულები, გადალახო ჭკუამხიარული ზვიგენის ტბა, გადმოჭრა ანორექსიული გორაკის კალთები მარტოხელა ზღარბისა და დეპრესიული სკუნსის მთაგრეხილების გავლით და ევრიკა, ინიცირებული მესია, გმირთა გმირი, განპიროვნებული ლეგენდა მოიპოვებს ცოდნას და შექმნის განუმეორებელ მითოსს, ისტორიას, რომელსაც მოყვებიან საუკუნეების განმავლობაში კოცონის პირას ჩამომსხდარი დაღლილი და დაუბანელი, თვალებანთებული და თავგადასავლებისთვის მწყურვალი სტალკერები. ეს იყო ადრე. აი დღეს კი, ჰაჰ,  დღეს ყველაფერი ძალიან, გასაოცრად მარტივია, ფრიად ძალდაუტანებელი, ეგზომ ჰაეროვანი და ერთობ პროფესიონალური ორი დაკლიკვა და ჩვენს წინაშეა გრანდიოზული, ფერადოვანი, უმშვენიერესი სამყაროები. ლუვრის მონახულება გინდა? ონლაინ-მუზეუმი შენს განკარგულებაშია. სამეფო პინგვინების ყოველდღიური რაციონის შესწავლას საჭიროებს შენი ცნობისმოყვარე და დაუდგრომელი სული? National Geographic ზედ დაგაკვდება, ბალიშის პირს შეგისწორებს, საბანს შემოგიკეცავს, სასთუმალთან ჩამოგიჯდება და ძილის წინ საინტერესო ამბებს გიამბობს. კოსმოსი და ინტერპლანეტური მოგზაურობები გაინტერესებს? მსოფლიოს საუკეთესო ფიზიკოსები, ასტროფიზიკოსები, ქიმიკოსები, ბიოლოგები, კვანტური ფიზიკისა და კოსმოგონიური თეორიების აღიარებული სპეციალისტები შენი გულისთვის სალსას იცეკვებენ, ჩა-ჩა-ჩასაც, შენთვის გასაგებ, გაწყალებულ და მძახედ პოპულარულ ენაზე აგიხსნიან ფარდობითობის თეორიას, თვალებში ვარსკვლავებს გაგიჩენენ, ჭკუაზე შეგშლიან, დაგაჯერებენ, რომ შენ, ერთი დაბნეული და მოწყენილთვალება მომხმარებელი შენზე დიდი და უსასრულო, მარადისობაში გადაჭიმული კოსმოსის ნაწილი ხარ, შენს ნაცრისფერ, საბჭოთა ხრუშჩოვკაში ხარ, მაგრამ თან დაფრინავ, ბიჭო, დაფრინავ თან, ორიონის ვარსკვლავურ ქარხანას ჩაუფრენ, მილიონობით მთვარესთან სელფებს გადაიღებ, დროის დასაწყისში წახვალ და ისეთივე პატარა და მიკროსკოპული იქნები, როგორც პირველი, პაწაწკუნტელა, ჭიამაია სამყარო. ჩვენ შეგვიძლია ყველაფერი. ჩვენ ვართ ყველაფერი. ჩვენ 100 დოლარად თვეში განვადებით გამოვიტანეთ დიჯითალ მოუდზე გადაყვანილი ჯადოსნური სარკეები და მარტოხელა ზღარბის მთაგრეხილის გადავლის გარეშე, ყველაფრის გარეშე, გავხდით ამა სამყაროს ღიპიანი და პეპსი-კოლა ღმერთები. ფრიად იმპოზანტურ (და სავარაუდოდ მწვანეთვალება) არაბ პრინცებს, ძველი დროის ტკბილ და ხეპრე ჰიროებს, ლეგენდარულ მეფეებს და წარსულის, “დიადი” დროის “დიად” ადამიანებს საბოლოოდ მოეხაზათ, დედა ეტირათ, მაგრად გაფარჩაკდნენ. მეფე მოკვდა, გაუმარჯოთ მეფეებს. ორი დღის წინ სამ ლარად ვიყიდე ბილეთი ფილმზე, რომელმაც მაჩვენა ლურჯი კოსმოსის და შორიდან ამურის ტრაკივით გლუვი და ფაფუკი ზედაპირის მქონე იასამნისფერი, ყვითელი და კიდევ მაგიისფერი, ღმერთო, მაგიისფერი პლანეტები და, იქვე, იმ დარბაზშივე ამეტირა. იმიტომ, რომ ფეხებზე მეკიდა “უზუსტობები”, პოპულისტური, შიგადაშიგ წმინდად ჰოლივუდური დინამიკა და მისი გასაგებზე გასაგები, ფანტა/სპრაიტი ენა. Endurance-მა ისე ჩაუარა სატურნს, თითქოს გოლიათ ბალერინასთან ფუტკარმა მიიფრინაო, შავ ხვრელში ისე შეცურდნენ ნებიერი ბრასით, თითქოს კაიაკომ მორიგი მსხვერპლი გადაუშვაო თავის იმქვეყნიურ, შავ მუცელში. სამ ლარად ოცნება ვნახე, ბლინ. უფრო სწორად, ლამაზად და კოხტად დადგმული წარმოდგენა ჩემს ოცნებაზე. თანამედროვე ადამიანის, ჩემნაირი, შენნაირი, ჩვენნაირი, გასაცოდავებული, მძიმე ბლოკების, მყრალი ცემენტისა და ნოტიო მტვრის სივრცეში ჩახერგილი გაუბედურებელი ღმერთების ოცნებაზე შესანიშნავი სპექტაკლი ვნახე “ინტერსტელარის” სახით.

tumblr_m9jye75AxK1rf3lneo1_500

   მცირედი ლირიკული გადახვევა: შუამდინარულ მითოლოგიაში დედამიწა და მთლიანად სამყარო შეიქმნა ქაოსის პირველადი ურჩხულის, თიამათის, სხეულიდან. უფრო ზუსტად, ძლევამოსილმა დემიურგმა, მარდუქმა, თიამათი შუაზე გაგლიჯა, გადაყლაპა, გაფლეთილი სხეულის ნარჩენებისგან კი შეიქმნა ნოყიერი მიწა, რომელზეც აყვავდა და გაიშალა მილიონობით მშვენიერი სოცოცხლე. არა მხოლოდ შუამდინარულ, სხვა დროისა და სივრცის მითოლოგიებშიც სამყარო იბადება სწორედ ასე, კანიბალური, კულინარიული აქტის შედეგად. სამყარო რომ დაბადო ცნობიერების საშოდან, სამყარო უნდა ჩახეთქო მოშიებულ და ბუყბუყა კუჭში. მილიარდობით გალაქტიკა შეიკუმშა და აფეთქდა, ჩვენი თინეიჯერი კოსმოსისთვის რომ ჩაეყარა საფუძველი. და რახან მიკროკოსმოსი ყოველთვის იმეორებს მაკროკოსმოსის გეოგრაფიულ პუნქტებს, ადამიანებს, მიკროსკოპულ და ცქნაფა, ამბიციურ არსებებს, მუდმივად გვშია. გვშია სამყარო, მისი გაცნობა, მისი ფლობა, მისი ‘შეჭმა” გვჭირდება, რომ ვიცოცხლოთ, ვიარსებოთ და სადომაზოხისტურად ვიტანჯოთ კუჭში მტკინვეულად გასვლისას, მანამ, სანამ ჩვენ თვითონ არ დაგვეუფლება, ჩვენ არ შეგვჭამს და გადაგვყლაპვას ჩვენი პირადი და ელეგანტური მარდუქი, ცელიანი ტიპი, ბიცოლა სიკვდილი.

   მე მგონია, რომ “ინტერსტელარი” და მთელი ეს ჭყეტელა, ილუმინაციურ-ჰალუცინაციური, ვირტუალური პროექტები მორგამ ფრიმენის ბრძენი მენესტრელისებური ხმით, მეთიუ მაკქონაჰის ტრაგიკული და ღრმააზროვანი მიმიკებით, სივრცე ჩვენი სიზმრების, ჩვენი ოცნებებისა და ჩვენი სულების ფერებით, ყველაფერი ეს არის სამყაროს ის მიზანმიმართულად ანათალი ნაჭერი, რომელიც ინებეს და გადმოგვიგდეს, გვაჭამეს, დაგვაპურეს და ცოტა ხნით დაგვამშვიდეს, დაგვანაყრეს. მოგზაურობა შავ ხვრელებში, ყველაზე მიუწვდომელ და ტვინისწამღებად შორებელ გალაქტიკებში, ჩვენთვის უცნობი განზომილებები და მოქნილი გადასვლა ადამიანურიდან ზეადამიანურამდე, და პირიქით, ყველაფერი ეს სამ საათში. ყოველივე ეს სამ ლარად. ესაა, ძმაო, პოპ-კულტურა. ზედაპირული, ფარფატა და უწონადო ცოდნა და ბედნიერი ციყვის აღფრთოვანება, რომელსაც სადილის ნარჩენებს გადაუყრიან და იმას გონია, გემრიელად, საფუძვლიანად აჭამეს მასზე უფრო მაღალმა და განვითარებულმა არსებებმა. დედას ვფიცავარ, ბედნიერ ციყვთა შორის ყველაზე ბედნიერი ციყვი ვიყავი “ინტერსტელარის” ყურებისას, მაგრამ ამავდროულად იმასაც ვფიქრობდი, რომ კოსმოსის შემეცნების ნაცვლად, კოსმოსის სიმულაკრით წავიხემსე. ჰოლივუდის გენიალურმა ღმერთებმა ცოტა ხნით მაცხოვრეს ლამაზ, იდეალურ სიზმარში, სამი საათით მაცხოვრეს, მერე გამოვედი კინოთეატრიდან და მე, პლანეტაშორისი ვოიაჟების თვითაღიარებული ექსპერტი, კოსმოსური მოგზაური და ყველა სხვა ეთერული სიკეთე, ისევ თბილისურ, ბინძურ და შარდის სუნით ამყრალებულ მიწისქვეშებში მოფათურე ჩვეულებრივი მოქალაქე ვიყავი ჩემი სასაცილო, იასამნისფერი ქუდით. კუპერის გზა გავიარე ჩვეულებრივი ამერიკული ფერმიდან ღია კოსმოსში, ოღონდ უკუმიმართულებით :დ პოპ-კულტურას ცაში აყავს ადამიანი, ჩვენ სამყაროს ღმერთები ვხდებით, ოღონდ პეპსი-კოლა ღმერთები, რადგან ბოშის უკანასკნელი მარკის მტვერსასრუტივით კი ვიწოვთ სხვა ადამიანების გამოცდილებასა და მათ მიერ გადმოგდებულ, ნაქველმოქმედარ სამყაროს, მაგრამ საკუთარი გამოცდილება არ გაგვაჩნია. ჩვენ გვაქვს ყველაფერი, და რეალურად, არაფერი გვაქვს. ჩვენ მხოლოდ ჩვენს პატარა ოთახებში ვწევართ და მელანქოლიურად ვანძრევთ კოსმოსურ პორნოზე.

tumblr_nd1j2dozQo1s4i43zo1_500

  ყოველივე ზემოთქმული არ არის მარტო “ინტერსტელარის” პრობლემა (რეალურად, “ინტერსტელარის” პრობლემა შეიძლება ყველაზე ნაკლებადაცაა), არც კონკრეტულად მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი, ექსკლუზიური განზომილებაა, ესაა თანამედროვეობის, ბლინ, ვირტუალური, დიჯითალ ეკლესია და ამ ეკლესიის უერთგულესი, კომფორტულად მოწყობილი და ჩათბილული მრევლი ვარ პირადად მე, თქვენი მონა-მორჩილი… ეს არის ჩემი პირველი და ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ემოციები და შთაბეჭდილებები “ინტერსტელართან” (და არა მხოლოდ მასთან) დაკავშირებით. სხვა მხრივ, გულწრფელად ვთვლი, რომ “ინტერსტელარი” არის ძალიან, ძალიან კარგი ფილმი თუნდაც ამ რამდენიმე გამორჩეული მომენტის გამო:

 1) ვფიქრობ, რომ ფილმის დასაწყისში შემობოდიალებული იდეა იმასთან დაკავშირებით, რომ ფიზიკური გადარჩენის ამოცანის წინაშე მდგარმა ადამიანებმა დაივიწყეს “სულიერი საჭიროებები”, დაივიწყეს ის, რომ ნესტიან მიწაზე ბანჯგვლიანი ზურგით გადაწოლილი ზეზვას თვალებში მხოლოდ მაშინ გაჩნდა ცნობიერების მორცხვი ნაპერწკალი, როცა მაღალმა და ვერხლისფერმა ვარსკვლავებმა შიგ ახალდაბადებულ სულში ჩახედეს მოზარდ ზეზვას და შიფონისებრი, მსუბუქი თეძოები ვნებიანად დაუქნიეს, თვალებიც ჩაუპაჭუნეს და ცნობისმოყვარეობის ჩათლახი ჭიაც გაუღვიძეს კუნძივით მკერდში. NASA-ს თითქმის შეუწყვიტეს დაფინანსება. ისტორია ჩაანაცვლეს ყალბი ისტორიით და პრაგმატული მითოსით იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე ადამიანს არასდროს დაუდგამს ფეხი მთვარეზე, რომ ეს იყო ამერიკული კონსტრუქციული პროპაგანდის შედევრალური მაგალითი, რითაც მტრულად განწყობილი სსრ აბსურდულ ავანტიურაში და უაზრო კონკურენციაში ჩაითრიეს,  ჯიშიანი ჰოლანდიური ძროხასავით ჩამოწველეს ეს უკანასკნელი, მძიმე ჯიქანი ზედმეტი ფულისგან გაუთავისუფლეს. რავარი გადასარევი, გენიალური იდეაა ანტიუტოპიური სიუჟეტისთვის. ქრისტოფერ ნოლანს ცალკე ფილმის გადაღებაც კი შეუძლია სამყაროზე, სადაც ადამიანებმა მიზანმიმართულად და სრულიად გააზრებულად უარი თქვეს მაღალ ტექნოლოგიებზე, “ჯადოსნურ სარკეებზე” და თითქმის უსაზღვრო, უსასრულო ცუნამად თავს დამტყდარ ინფორმაციულ ბუმერანგებზე, რადგან ეს მათ ვერ დაეხმარებოდა გადარჩენაში, და შესაძლოა, ვერც ბედნიერებაში. ჯონ ლითგოუს პერსონაჟი, დონალდი, ამბობს, რომ იქნებ არც იყო სწორი იმ სამყაროს ფუნდამენტი, რომელშიც ცხოვრობდ 6 მილიარდი ადამიანი უფრო მეტი მილიარდი ღმერთული სურვილებით, რომ მათ ქონოდათ ყველაფერი, და ქონოდათ ყველაფერი აქ და ახლა. იქნებ ჩვენი, მიწათმოქმედური, ჰობიტური სამყარო უკეთესიაო, ბიჭოო, უთხრა კუპერს. ამ თემაზე ცალკე, სრულყოფილი და დახვეწილი სცენარის დაწერაა შესაძლებელი.

   2)  სიყვარული რომ ჩვენთვის უცხო, ჯერჯერობით შეუმეცნებელი სამყაროს არტეფაქტია, პირადად ჩემთვის, იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ემოციური ფრაზა. სიყვარული, მიზიდულობა, სურვილი, ოცნება სამყაროს ყველაზე მყიფე, მეტაფიზიკური, იმიერი და თითქმის არარსებული, მაგრამ მაინც ყველაზე სათუთი, საჭირო და მოსაფრთხილებელი კანია. ჩვენს ცნობიერებაში დაკონსერვებული საყვარელი ხატები ქმნიან ყოფიერების ულამაზეს ლანდშაფტებს, აღმაფრენას და სამყაროს ძლევამოსილ დემიურგებად აქცევენ ისეთ მოუხერხებელ და აბდაუბდა არსებას, როგორიცაა ადამიანი. სიყვარული და ოცნება მართლაც რომ ჩვენთვის ბოლომდე გაუგებარი, უცნაური და სიურეალისტური სამყაროს მაგიური კვალია, ქარხნის გამონაბოლქვებსა და რადიაციულ ნეხვს შორის ჩარჩენილი, მოუკვდა მომგონი. ყველა ადამიანს გვაქვს ჩვენი მთავარი, ყველაზე მსხვილი კალიბრის, ყველაზე თვალებდაფჩენილი და ენაგდმოგდებული კითხვა სამყაროსთან მიმართებაში, რომელიც ნაცემი ლაბრადორის ლეკვივით იყურება და ღორის ხორცის შპროტზე მეტად პასუხი შია. პასუხი სწყურია. ჩემი კითხვა იმაში მდგომარეობს, რომ, ებიჭო, ხილული და ხელშესახები მატერიის იქით, უარყოფითი მასისა და ნეგატიური ენერგიის სამყაროში არსებობს თუ არა “რაღაც” მიღმიერი, იმქვეყნიური, “ჯადოსნური” და მიუწვდომელი, არსებობს თუ არა სხვა სამყაროები, can I belive in fuckin fairy?! არავინ გაფრენილა გარგანტუას ორბიტის გარეთ მდებარე პლანეტაზე, მხოლოდ იმიტომ, რომ შეყვარებული ქალის გულმა ასე “იგრძნო”, ხისტი რაციონალურობისა და ანგარიშიანი პრაგმატულობის ჩარჩოებს გადასვლა მსგავს სიტუაციაში სამაგალითო და ბლანკეტური სიგიჟე იქნებოდა. მაგრამ, ჩვენი მეტაფიზიკური, სულიერი, ემოციურ-ცნობიერი გარსი ჩვენი არსების ყველაზე მჭლე ნაწილია მაინც. სიყვარული არის უცხო განზომილების არტეფაქტი, რომელიც დროისა და სივრცის გარეთ არსებობს. ნოლანო, ნაბიჭვარო, მეც მჯერა ამისი.

   3) “2001: კოსმოსური ოდისეის” მსუბუქი პლაგიატი გენიალური კოსმოსური ხედების ფონზე გაშვებული კლასიკური მუსიკის სახით, “კერკეტი კაკლის” ექშენი დედამიწისმაგვარი კოორდინატების მქონე უცნობი გალაქტიკების ზედაპირზე, და მეშვიდეკლასელისთვის გასაგებ ენაზე გადმოთარგმნილი მეცნიერული ენა ფილმის პლუსი ნამდვილად არაა (ამავე მიზეზების გამო, “ინტერსტელარს” “კოსმოსური ოდისეის” გვერდით ვერ დავაყენებ), მაგრამ მე მომწონს, საშინლად, წარმოუდგენლად მომწონს იდეა: As above, So below. იდეა ყველაზე სიცოცხლისუნარიანი, არამალფუჭებადი პროდუქტია, თვითონ ნოლანს თუ დავუჯერებთ, ჰოდა, ჩემს შიგნით, ჩემს ფილტვებში, ღვიძლში და ზურგის ტვინში, ცოტაც თირკმლებში და ავადმყოფ ელენთაში, ცნობიერებაში, თავისი პარაზიტული, ვირუსული და მტაცებლური ცხოვრებით კაი ხანია უკვე ცხოვრობს ერთი ძალიან პრეტენზიული, წოწოლა და მამაძაღლი იდეა. ნასესხები იდეა, გათავისებული იდეა, რომელიც ყველაზე დენდურად, მოდურად და ჩამოქნილად ჩამოაყალიბა ძია ჰეგელმა, როცა ერთი მაგარი მოხია და თქვა, რომ აბსოლუტური გონი განახორციელებს საკუთარ თავს ადამიანში და სამყაროში, განახორციელებს განსხვავებული მასშტაბებით და მსგავსი პროპორციებით, უფრო ნათლად რომ ვთქვათ: ” ვიხედებით შინაგანში, ვხვდებით სამყაროს, თუ სამყაროში გავიხედავთ, ვხედავთ შინაგანს”. ჰეჰეჰე ^_^არსებობს ამავე სახელწოდების ფილმი: “As above, So below”, ახალი თაობის საშინელებათა ფილმი, მცირე ბიუჯეტით, ქანქარა კამერით და უცნაურად ორიგინალური და გულისგასახარებელი სიუჟეტით. ფილმის მთავარი გმირი, ნაგიჟარი სკარლეტი, მთელი ცხოვრებაა ეძებს ფილოსოფიურ ქვას. ამ ლეგენდარული ქვის ძიებამ მცირერიცხოვანი და მაიმუნური ექსპედიცია პარიზულ კატაკომბებში ჩაიყვანა. კატაკომბების “ტურისტული” ნაწილი სავსეა სნიკერსის ბინძური ქაღალდებით, ლუდის ბოთლებითა და გაუფასურებული, გიდური წესრიგისგან გადაოხრებული, გადაცვეთილი ატმოსფეროთი. გამოუკვლეველი, არატურისტული და ღრმა ნაწილი კატაკომბებისა კი ნამდვილი დანტესეული ჯოჯოხეთია, სიურეალისტური კოშმარებით, ანარეკლისებრი, ამოტრიალებული სამყაროთი და ჭეშმარიტი ფილოსოფიური ქვით, რომელსაც მატერიალური გარსაცმი არ გააჩნია. ფილოსფიური ქვა ადამიანის ცნობიერებაშია, ფილოსოფიური ქვა ადამიანია, და არა რომელიღაც უწი-პუწი სუპერ-მეგა-ულტრა მყარი ქანი რომელიღაც თესლი, აქამდე არნახული ნივთიერებისა. ასეა ეს ამბავი. ჩვენ სამყარომ მოგვქსოვა, კოსმოსმა მუცელი გადაიხსნა და საკუთარი ნაწლავებისგან სიცოცხლე შეთხზა, როგორც ულტიმა პოემა, როგორც ბოჰემური რაფსოდია. ჩვენი სხეულები ვარსკვლავური მტვერია, ჩვენი სულები წმინდა ოცნებაა ამ ვარსკვლავებზე, ამიტომ არაა გასაკვირი, რომ კუპერმა დაახვია დედამიწიდან, მილიარდობით, ტრილიონობით სინათლის წელიწადი გადაიფრინა, კოსმოსური მეხუთე განზომილება გახსნა და მის შიგნით აღმოაჩინა… ადამიანი, საკუთარი თავი, თავისი შვილი, მისი პირადი, უნიკალური ისტორია. ადამიანი არის სამყაროში, სამყარო კი არის ადამიანში, ამიტომ “სამყაროს მკვლევარები” “ადამიანების მკვლევარებიც” არიან, ამიტომ ვერსად გავექცევით საკუთარ თავს, საკუთარ მემკვიდრეობას. გიგანტური შავი ხვრელის, გარგანტუას, გულისგულშიც კი, ადამიანი ისევ ადამიანს აღმოაჩენს. ეს არის იდეა: As above, So below. ფილოსოფიური ქვა არის ადამიანი. მაგია არის ადამიანი. და სხვა სამყარო… სხვა სამყაროც არის ადამიანი.

54574d4de0c80

   ასე რომ, ჩვენ ჩვენი მუშა და მოქნილი, კლავიატურაზე გაწაფული თითებით, ამა სამყაროს ჰიპსტერა და არაფრისმაქნისი ბატონ-პატრონები ვართ. ჩვენ პლანეტები დავიპყარით, შავი ხვრელი მუხლებზე გადავიხიეთ, შემდეგ კი კინოთეატრებიდან გამოვედით, ტუალეტში გავედით მოსაშარდად და ცოტათი უკვე დაგვავიწყდა, მეორე დღეს კი საერთოდაც დაგვავიწყა ჩვენი სიზმარი, ჩვენ ხომ პეპსი-კოლა ღმერთები ვართ, პოპ-კორნა ღმერთები, სიმყუდროვისგან გაქსუებული და ჰამბურგერა ღმერთები. მაგრამ, ამავდროულად, ჩვენშია სამყარო, ორიონის იასამნისფერი მტვერია ჩაღვრილი ადამიანების ცხელ და გუზგუზა ტვინებში, ამის დედა რომ ვატირე, ჩვენ გვაქვს დემიურგული, უნიკალური და გადარეული უნარი განუმეორებელი, მხოლოდ საკუთარი, აბსოლუტურად ავთენტური და გენიალური გამოცდილების დაგროვებისთვის. “ინტერსტელარმა” გამახსენა ეს. და თუნდაც ამიტომ, გადასარევია ფილმია “ინტერსტელარი”, შესანიშავი ფილმია, არაჩვეულებრივი ფილმია ჩემნაირებისთვის, შენნაირებისთვის, ჩვენნარებისთვის.

🙂

o-INTERSTELLAR-TRAILER-facebook

 
Leave a comment

Posted by on January 12, 2015 in Uncategorized

 

“შენ წადი! ამათ მე შევაკავებ!!!”

“ო არა, მე შენს თავს არავის დავუთმობ!”

“ეს შენი ბრძოლა არ არის!”

“რაც იმ ღამეს მოხდა, შეცდომა იყო.”

“მათ მიაჩნიათ, რომ ადამიანები სუსტები და უტვინოები არაინ, ხოლო ვამპირები ყველაზე ძლიერები და სულყველაზე მაგრები და მაგიტომ უნდა იბატონონ.”

“ახლა სად ხარ. როცა ასე მჭირდები, დედა?!”

“რატომ უნდა აირჩიო კარგი ბიჭი, როცა ცუდი ბიჭები ისეთი… ისეთი… ისეთები არიან.”

“იმ გრძნობისა იყოს, რომელსაც სექსუალური ვამპირების სიყვარული ქვია.”

“მთელი ჩემი ცხოვრება ტყუილი ყოფილა!!!”

“შენ არ ხარ მზად ამის გასაგებად..”

“რომ ვუყურებდი, მუცელში პეპლები მიფარფატებდნენ.”

“მისტიკურ ვამპირს ცივი მზერა ჰქონდა. ყინულივით.”

“შენ ჩემთვის მეტისმეტად კარგი ხარ.”

და ბოლო, შედევრალური:

“შენ წადი! ამათ მე შევაკავებ!!!”

  ჩემი ყველაზე საყვარელი მომენტები “ვამპირული ომების” პირველი 50 გვერდიდან. საოცარი მწერალია ქ.რ. დეივისი. შემიყვარდა. დანარჩენი აღარ წამიკითხავს, მაგრამ აუცილებლად ჩავამთავრებ, იმდენად სალი, სრულიად ციცაბო და მკაცრად პიტალო კლიშეა თავიდან ბოლომდე, რომ რაღაცით საინტერესოც კი არის, როგორც მეხუთეხარისხმოვანი საშინელებათა ფილმი, რომელიც იმდენად ცუდია, რომ უკვე კარგია :დ ჟანრის სტერეოტიპები, დაზუთხული ფრაზები და ჩაჟანგული თვისთები ერთ ყვითელ, მტვრიან ფლაკონშია ჩაყრილი და თავისებურად, ენციკლოპედიური, შემეცნებითი მნიშვნელობა აქვს უკვე :დ ანატომიის გაკვეთილივითაა. ქვიშის ვარდისფერი ხოჭო ორად გაჭრეს, ჩადეს მიკროსკოპში და ათვალიერებენ. ასე კეთდება ბლოკბასტერები. ასე ასხამენ ბესტსელერებს.

10500360_903233763029369_5640292366555099729_n

   “თრუმენის შოუა” რა ფაქტობრივად :დ პროსტო, თრუმენი ვართ ჩვენ, მკითხველი, და პატარა, შტერი თაგუნასავით დავრბივართ ბორბალზე, რომელიც თავიდან ბოლომდე გამოგონილ, ხელოვნურ და რეალობის მახინჯ ასლ სამყაროში მოვლენების ცენტრში დგას. თაგუნას გული ერევა, იცის, რომ ყველაფერი მოჩვენებითია. ბორბალის და “სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარის” და “ოოხ, რა სასტიკია ცხოვრების” გარდა კიდევ რაღაც არსებობს ამქვეყნად, რაღაც უფრო ნამდვილი, ჩილის წიწაკასავით მწარე, მუცელში გამოქნეული წიხლივით მტკინვეული, იუპიტერის ლატესებური ზედაპირივით მშვენიერიც, მაგრამ, სანამ წიგნს კითხულობ, შოუში ხარ, პატარა და შტერი თაგუნა ხარ, და ატრიალე ბორბალი, ატრიალე, ფორესტ, სანამ სამყაროს იდეალურობას შენი ნარწყევის სუნი არ გაარღვევს :დ

  ვგიჟდები ლიტერატურაზე, რომელიც გავს საზოგადოებრივ ტუალეტს. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, საჯარო სამსახურები, საჯარო მოსამსახურეები, ბიუროკრატიული სისტემები და მასში ჩახუთული, ფერმკრთალი და მერიონ კოტიარისნაირად, ჩაჟამებულთვალებიანი, მოხელეები ყველაზე გამჭვირვალე, უფერო და სტერილურ სივრცეს ქმნიან ირმის ნახტომში. მათ ხომ უამრავი ადამიანის პრეტენზიული გემოვნება უნდა დააკმაყოფილონ. აჰ, იმას ვარდისფერი არ უყვარს, ოჰ, ის ვერ იტანს უწმაწურ სიტყვებს, უჰ, იმას ჭარბწონიანი ადამიანები არ მოსდის თვალში, აიჰ, ამას სამკაულები აღიზიანებს. ამიტომ გავიძროთ სახე. ამიტომ ჩამოვიფაროთ ქაღალდის ტომსიკები. მივიხატოთ ბედნიერი ღიმილები და ვიყოთ მხიარული, გასაგიჟებლად მხიარული მედუზები. ასწორებს მედუზობა. მედუზა საყვარელია, სულ 5 უჯრედისაგან შედეგება, მართალია, სამაგიეროდ, ახლოს მისული პლნქტონების ფერს აირეკლავს. ყველაზე უფრო წუწკი და პრეტენზიული პლანქტონიც კი ვერ იტყვის, რომ მედუზა შეცდა. მედუზა ვერ შეცდებოდა, რადგამ მას არაფერი უთქვამს. მედუზა შეუცდომელია და სრულყოფილი, როგორც ღმერთი. როგორც მჭლე და ცარიელი ლიტერატურა, რომელიც გავს საზოგადოებრივ ტუალეტს, და ღმერთს, რომელიც არ არსებობს.

tumblr_ncoym9IhM31qzgghgo1_500

   არადა, საქმე არ არის “მოსაწყენ” სიუჟეტში, ან “არაორიგინალურობაში”. მე ვარ ის გამორჩეული იდიოტი, რომელსაც გულწრფელად სჯერა, რომ დიდი აფეთქების შემდეგ სამყარო რომ ფართოვდება, ვითარდება, უსასრულობაში რომ მიცურავს ჯერ ბრასით, მერე კი კროლით, ბოლოს რომ რეალობის ზღვარს აღწევს და ისევ რომ ფეთქდება, აი ეგ ისტორია, ეგ პირველი, საოცარი და ფატალური ისტორია მეორდება ყველა გალაქტიკის ცხოვრებაში, ყველა დიდი და პატარა ვარსკვლავის, ყველა სერიოზული და მხიარული პლანეტის, ყველა ადამიანის, ცხოველის, ყველა კაქტუსისა და ალოეს მილიარდობით სიცოცხლეში. ისტორია, ბუნება, დრო და სივრცე მუდმივად იმეორებს თავის თავს. არ ვიცი, რატომ, როგორ. თუნგი ვარ. არც ის ვიცი, არსებობს თუ არა სამყარო ჩვენზე უფრო მაღალ, ჩვენზე უფრო ლამაზ და მიუწვდომელ, იასამნისფერ მატრიცაში ჩვენს ლაქირებულ თავებსა და ჩვენს ერეგირებულ ეგოებს ზემოთ. მაგრამ… სხვა რამეს ვამბობდი. ყველა სიუჟეტი დაიწერა. ბლინ. ყველა ისტორია ითქვა. სიყვარულზე, სიძულვილზე, უსასრულობაზე, მარტოობაზე, მეგობრობაზე, სამოთხეზე და ჯოჯოხეთზე, შიშებზე და იმედებზე, ასგარდო მაღალო, უკვე იმდენი რამ ითქვა. მე ვარ ჯოს გატეხილი გული ამის გამო. ამის გამო არ ვეძებ “ორიგინალურობას”, გაფეტიშებულ “სიახლეს”, მე უფრო მარტივ რამეს ვეძებ, პიროვნებას ვეძებ. იმ პატარა, ცუცქნა და თითქოს უმნიშვნელო, მაგრამ მაინც ძალიან მნიშვნელოვან, დეტალებს, რომლებიც შეავსებს 14 მილიარდი წლის წინ დაწერილ ძველისძველ ამბავს, თავისებურ, პიკანტურ, განუმერეობელ სუნს და სულს მისცემს დროს. “მუცელში პეპლები ამიფარფატდაო” ნაგავია, გაცვეთილ იატაკს დადებული ცემენტის მტვერია, “მუცელში თითქოს უცხო ჩამისახლდა და ჩემი ნაწლავების გამონგრევას ცდილობსო”, “მუცელში ცხელი ალუმინი ჩამეღვარა, როგორც ჭიანჭველების ბუდეშიო”, ასე თქვი, შეჩემა, გიჟურად თქვი, ფრიკულად, რომ დაგცინებენ და აბუჩად აგიგდებენ, მაგრამ მართალი რომ იქნება, მხოლოდ შენი რომ იქნება, ისე თქვი, შეჩემანალა, და შენ გახდები ღმერთი. შენი თავის, შენი ფიქრების, შენი პიროვნების პატარა, ინდივიდუალისტი და მატრაკვეცა ღმერთი.

   “ვამპირული ომებს” და საერთოდ მსგავს “საზოგადოებრივ” ლიტერატურას სწორედ ეს აკლია. პიროვნება. ერთი პატარა, მაგრამ დიდი გულის მქონე ადამიანი, რომელიც გაბედავს და თავიდან ამოიგდებს “განათლებული”, “ცივილიზირებული” ადამიანის ყველა წინასწარჩანერგილ განსაზღვრებებს სამყაროს შესახებ. ჩამოიფერთხავს სიტყვებს, როგორც დაძველებულ ფორებს, ცოტა ხნით, შიშველი, ძვლებამდე, ღვიძლამდე, ფილტვებამდე და თორმეტგოჯა ნაწლავამდე შიშველი, დადგება სამყაროს წინ და შეივსება, ხელახლა შეივსება კსომოსის ფერებით, ახალი, ლურჯი და ცხელი სიტყვებით, რომლებიც იქნება სამურაის ხმალივით ბასრი და ერობოსავით გაჭრის რეალობას. სიტყვები, როგორც დანები, გლუვდებიან, იჟანგებიან. ჩვენ უნდა ვცვალოთ ჩვენი სიტყვები, როგორც დანის პირები. ჩვენ უნდა ერთი ჭურჭლიდან მეორეში გადავიღვაროთ, როგორც ღვინო, რომ არ ჩავლპეთ, არ დავობდეთ, არ გარდავიცვალოთ.

10690072_903233989696013_4737198500049509649_n

   მე არ ვიცი, რა არის სიტყვების იქით. ფერების, სხეულების, გრძნობების იქით რა არის, გარტყმაში არა ვარ. მე მინდა, მჯეროდეს, რომ ჩვენი სამყარო არის ერთი უბადრუკი, პატარა ხომალდი, გამოკიდებული დიდ სილურჯეში. ერთხელაც გამოჩნდება ვინმე ჰიუ, ან ალანი, ან ჯო-ჯიმი, და გაგვაგებინებს, რომ ფიიფააალ, ჩვენ ვცხოვრობთ ხომალდში, გამოგონილ სამყაროში, ჩვენი ხომლადის რკინების იქით კი რაღაც გონმიუწვდომელი, საოცარი განზომილებაა. მე ამის მჯერა, იმიტომ, რომ ვგრძნობ, სამყარო ასეა მოწყობილი, ფენოვან ხაჭაპურს გავს სამყარო. ამ კიდის იქეთ კიდევ კიდეა, სიზმრების იქით კიდევ სიზმრებია. დედამიწა არის გიგანტური მატრიოშკა ოკეანეებით, როგორც ლურჯი ლოყებით, და ფერადი ყვავილებით, როგორც ჩითის დაგვირისტებული კაბით. და სწორედ ამიტომ, “შენ აქ დარჩი, მე შევაკავებ ამათ”, გაცრეცილი და წინასწარი კოდის მიხედვით აგებული ლიტერატულა არის მკვდარი ჭიაყელა. მხიარული მედუზა, რომლის შეხებაზეც მხიარულადვე ამერია გული.

   ვიკტორ პელევინმა, რომელმაც დაწერა გენიალური ვამპირული საგა, დამაჯერა, რომ “ვამპირიზმიც” შეიძლება იყოს ღრმა და უძირო ჭა, რომელშიც ჩავიხედებით და აღმოვაჩენთ გროტესკულ ჭეშმარიტებას ადამიანებზე, ჩვენს ცივილიზაციაზე, ჩვენს სულელურ ტკივილებზე. ნებისმიერი მითი არის გენიალური საშუალება, ეგზგუმაცია ჩაუტარო მკვდარ მსოფლმხედველობას და აღმოაჩინო რეალური სიცოცხლე რეალური მიზეზებისა და შედეგების დადგენით. მითი არის ნამდვილი სიცოცხლე, თვითონ სიცოცხლე არის მითი. “ვამპირულმა ომებმაც” დამაჯერა რაღაც. დამაჯერა ის, რომ ვეღასდროს გახდება ვამპირული მითი პორტალი სხვა, ზედროისა და ზებუნებრივის, ლეგედების სამყაროში. იმდენად გააუფასურეს, იმდენად მარტივ მამრავლებად დაშალეს, იმდენად გააწყალწყალეს ეს უუსაყვარლესი, ფუნთუშა და სისხლისმსმელი ღამურიკოები, რომ მათგან აღარაფერი დარჩა, გარდა მაზალო სიფათებისა და ფრიად მაჩო, ესპანური, ერეგირებული ასოებისა.

______________________________________________________________

ერთი კარგი და ერთიც ცუდი ბიჭი. ორივე იდიოტი.

რომანტიკული გასეირნება კარგ ბიჭთან. პირველი კოცნა.

პირველად მისცა კარგ ბიჭს. იმან, “შენ ჩემთვის მეტისმეტად კარგი ხარო”. დაახვია.

ბოროტმა ცუდად ისარგებლა ამის ნდობით, ბოლოს მაინც შეუყვარდა.

საბოლოოდ აირჩია კარგი ბიჭი, იმიტომ, რომ გიჟდება, ბიჭს რომ მორალი აქვს.

ცუდმა ბიჭმაც იპოვა თავისთვის კარგი გოგო, რომელიც არასდროს იქნება ისეთი კარგი, როგორიც იყო ის სულ სულ კარგი გოგო.

ზი ენდ.

მიყვარს 350-გვერიდანი წიგნები, რომლის მოყოლასაც 5 აბზაცში ახერხებ. ვგიჟდები ლიტერატურაზე, რომელიც გავს საზოგადოებრივ ტუალეტს. ახლა გავალ, ჩემით, ესენი თქვენ შეაკავეთ!!! :3

10850114_903233646362714_5197618929735159249_n

 
Leave a comment

Posted by on January 12, 2015 in Uncategorized

 
 
%d bloggers like this: